თავდაცვის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხები და 2014 წლის გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე დიპლომატებს საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში საქართველოს ჩართულობის შესახებ და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიეწოდათ. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ვილნიუსის სამიტზე ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების მნიშვნელობა (Framework articipation), რაც კიდევ უფრო გააღმავებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა ქართული მხარის სწრაფვას ნატოს მისიების პარალელურად, წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის გზით. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.