მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საათი 21 მილიონ დოლარად გაიყიდა
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ჯიბის საათი ჟენევაში „სოთბის“ აუქციონზე 21,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. საათი, რომელიც 24 კარატის ოქროსგანაა დამზადებული, 500 გრამს იწონის. საათი შვეიცარული კომპანია „პატეკ ფილიპის“ ქმნილებაა. ის ნიუ-იორკელი ბანკირის ჰენრი გრეივსის დაკვეთით 1930-იანი წლების დასაწყისში დაამზადეს. გრეივსმა სხვა ბანკირთან სანაძლეო დადო, რომ მსოფლიოში ყველაზე რთულ მექანიზმიანი საათის მფლობელი გახდებოდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სტანდარტული ისრების გარდა, საათს კიდევ 24 სხვადასხვა მექანიზმი აქვს, მათ შორის კალენდარი, მთვარის ფაზების მანიშნებელი, ქრონოგრაფი და სხვა ფუნქციები. 920 დეტალის მქონე საათის შესაქმნელად სპეციალისტს 8 წელი დაჭირდა.
საინტერესოა, რომ საათი აუქციონზე მისი ბოლო მფლობელის სიკვდილიდან 2 დღის შემდეგ გაიყიდა. ცნობილია, რომ მას „სოთბის“ დიდი ვალი ჰქონდა, რომელსაც საათის გაყიდვისგან მიღებული თანხა დაფარავს.
გაყიდული საათი Henry Graves Supercomplication-ი ყველაზე რთული მექანიზმის მქონე საათად 56 წლის განმავლობაში რჩებოდა. ახლა მან ლიდერის პოზიცია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ საათს დაუთმო.