ბავშვობა, რომელიც განსაკუთრებულად გვენატრება

     მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის საყვარელი პერსონაჟები ბავშვები და მოხუცები გულგრილს არავის ტოვებს. მისი თბილი, ემოციური და ახლობელი ნახატები ხშირად ბავშვობაში გვაბრუნებს და შეუძლებელია ამ ჯადოსნურ სამყაროს თავი დააღწიო…

– როგორ დაიწყეთ ხატვა?10807913_760548697327518_384385186_n
– ხატვა დავიწყე ძალიან დიდი ხნის წინ. ალბათ ისე, როგორც თითქმის ყველა ბავშვი იწყებს, თუმცა მახსოვს ყველაზე მეტად ამ საქმის კეთება მიყვარდა.
– როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები?
– ჩემთვის ეს ჩვეულებრივი პროცესია, არ ველი განსაკუთრებულ გარემოს, მთავარია იყოს იდეა, განწყობა, დრო, საღებავები, ტილო… არ მიყვარს ერთი ნახატის დიდხანს წვალება, მირჩევნია მალე დავხატო.
– თქვენი ნამუშევრების შთაგონების წყარო…
– ჩემი ნამუშევრების შთაგონების წყარო სხვადასხვაგვარია. ხშირ შემთხვევაში, ეს ჩემი ბავშვობაა, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მენატრება, ან დავიწყებული ძველი ნივთი, ან უბრალოდ მოულოდნელად დანახული ცხოვრებისეული სცენა.
– თქვენი ნამუშევრების მთავარი გმირები ბავშვები და მოხუცები არიან, რატომ?
– ასე მგონია არასდროს მომბეზრდება ბავშვების ხატვა. მიყვარს და მენატრება სამყარო, რომლებშიც ბავშვები ცხოვრობენ, მათი ხატვით კი თითქოს ამ სამყაროში ვრჩები მუდმივად და ეს ძალიან მომწონს. მოხუცების ხატვით კი თითქოს ჩემს საყვარელ ბებია-ბაბუებს ვეფერები.
– თქვენი ბავშვობა… (რას გაიხსენებდით?)10799563_760548683994186_1122001009_n
– ბავშვობა მზრუნველი ხალხით გარშემორტყმული მქონდა. ირგვლივ მშვიდობა იყო, თუმცა იშვიათია ბავშვი, რომელსაც არაფერი ადარდებს. ასე ვიყავი მეც. მქონდა ჩემი ბავშვური დარდები. ვიყავი მორცხვი და მშვიდობისმოყვარე, თუმცა ძალიან მიყვარდა ეზოში აქტიური თამაშები, ველოსიპედით სეირნობა და ხეებზე ძრომა. ზაფხულში ჩემი საყვარელი ადგილი იყო ტყე, სადაც ბევრი ჯადოსნური დღე გავატარე.
– რა ემოციების გადმოცემა გინდათ, თქვენი ნამუშევრებით?
– ვერ გეტყვით… არ ვფიქრობ ამაზე. ეს ყველაფერი ბუნებრივად მოდის. ალბათ ამ კითხვაზე ის ადამიანები გვიპასუხებენ, ვინც ამ ნახატების დათვალიერებისას რამე ემოცია მაინც განიცადეს.
– თქვენს ნამუშევრებში ძალიან ცოტა მზეა, რატომ?
– არ მიყვარს სიცხე. მზის სხივების დაფასებას მხოლოდ ცივ ზამთარში ვიწყებ, რადგან სიცივეც არ მიყვარს. ყველაფერს შემოდგომის და გაზაფხულის თბილი, ნეიტრალური ამინდი მირჩევნია. წვიმა მიყვარს, თოვლიც ლამაზია, თანაც როდესაც წვიმას ან თოვლს ვხატავ. ეს ნახატს განსაკუთრებულ რომანტიკულ განწყობას ჰმატებს. ამიტომაც არის ჩემს ნახატებში ცოტა მზე.
– ძირითადი ფერი თქვენს ნამუშევრებში…10799602_760548690660852_1395031316_n
– ძირითადად, მშვიდი და ბუნებრივი ფერები მიყვარს. არ მიყვარს მკვეთრი და მყვირალა ფერებით ხატვა. ისე მწვანე ფერი მიყვარს, მხოლოდ ყველა ტონალობის არა.
– ნამუშევრებს ყიდით, მერე თუ ნანობთ?
– ხშირ შემთხვევებში არ ვნანობ, მაგრამ რამდენიმე ნახატის გაყიდვამ ძალიან დამწყვიტა გული. დღემდე ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ არ უნდა გამეყიდა.
– რომელიმე ნამუშევარში საკუთარი თავი თუ დახატეთ…
– დიახ, მაქვს რამდენიმე ნამუშევარი, სადაც საკუთარი ბავშვობა დავხატე.
– წიგნების ილუსტრაციაზეც მუშაობთ. როგორ დაიწყეთ და პირველი რომელი წიგნი დაასურათეთ?
– წიგნების ილუსტრირება ჩემი უსაყვარლესი საქმნიანობაა. პირველი სერიოზული წიგნი, რომელიც დავასურათე, იყო „ბერძნულ-რომაული მითები“, ჯემალ ქარჩხაძის და მაკა მიქელაძის ავტორობით. 2006 წელს მაკა მიქელაძემ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მიმიყვანა. მომცეს მითების ტექსტი და  რამდენიმე სასინჯი ილუსტრაციის შესრულება მთხოვეს. ჩემდა საბედნიეროდ, ნახატები მოიწონეს და ასე გავხდი პირველი სერიოზული წიგნის ილუსტრატორი.
– თქვენ მიერ ილუსტრირებული წიგნებიდან რომლის მიმართ გაქვთ განსაკუთრებული, გამორჩეული დამოკიდებულება ?
– ყველა წიგნი, რომელიც გავაფორმე, ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ პირველის მიმართ მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება დამრჩა.

მზევინარ ხუციშვილი

10805329_760548680660853_223572441_n

10805394_760548687327519_77047657_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები