„ჩემს ფანტაზიას საზღვრები არ აქვს…“

            სოფო პურიჭამიაშვილი პროფესიით მხატვარია. მან თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მხატვარი 10-მდე გამოფენაში  მონაწილეობდა. მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა აშშ -ში, საქართველოს საელჩოშიც მოეწყო.

– როგორ   აირჩიე პროფესია?
– ბავშობიდან მიყვარდა ხატვა, ვხატავდი ყველგან, ფურცლებზე, კედლებზე, ხელებზე, დაორთქლილ მინებზეც კი. ხატვის დიდი მოთხოვნილება მქონდა. როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, სხვა არაფერზე მიფიქრია და სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინზე ჩავაბარე.
– როგორი გარემო გჭირდება სამუშაოდ?10748941_758048314244223_510942853_n
– სამუშაოდ მშვიდი და წყნარი გარემო მჭირდება, უზომოდ მიყვარს, როცა მარტო ვარ, მუსიკას ვუსმენ და ვხატავ, თითქოს სხვა სამყაროში ვმოგზაურობ. იყო დრო, როცა ძალიან მომწონდა ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალი და ჩანახატების გაკეთება…
– არის თუ არა მუდმივი თემა შენს შემოქმედებაში?
– ყველაზე მეტად თვალების ხატვა მიყვარს, თვალებით ვიწყებ პორტრეტს. არარეალური სახეები ჩემს შემოქმედებაში ძალიან ბევრია. მიყვარს ძველი თბილისის, დათოვლილი ქუჩების და რიკულებიანი სახლების ტილოზე გადატანა. აბსტრაქცია და სხვადასხვა ფერის შერწყმაც მიტაცებს. ხშირად შემთხვევით ფიგურებს და ფორმებსაც ვხატავ. აქ ჩემს ფანტაზიას კი საზღვრები არ აქვს.
– ფერი შენს შემოქმედებაში…
– ცისარტყელას შვიდივე ფერი მიყვარს და ყველა ფერს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ნახატებში. ჩემს ნახატებში ცისფერი და ყვითელი ფერი მეტად დომინირებს. მიყვარს შავი ფერიც.
– სად და როგორ ეძებ ასახვის საგანს და რით გიზიდავს: ხასიათით, ესთეტიკურად, პოეტიკით, ბუნებრივი ცხოველხატულობით, სისადავით თუ სიმდიდრით?
– ყველაფერში და ყველგან შეიძლება სილამაზის პოვნა, ჩემი ასახვის ობიექტებიც ყველგან არიან – ბუნებაში, ჰაერში, მიწაზე, წყალში. ნახევრად დანგრეულ სახლში შესაძლებელია უზომოდ საინტერესო, მეტყველი, იდუმალი და განსხვავებული სილამაზე აღმოაჩინო, დაინახო და შემდეგ ასახო. ძალიან მომწონს, რომ მაქვს იმის ძალა და უნარი, გადავწყვიტო და რეალურად, ან აბსტრაქტულად გადავიტანო ჩანაფიქრი ტილოზე.
– სიამოვნება როდის არის – ხატვის პროცესში თუ მერე, როცა შედეგს იღებ და დასრულებულ ნახატს შეჰყურებ?10749476_758048297577558_2071843197_n
– საოცარი სიამოვნებაა ხატვის პროცესი და ის მომენტიც, როცა დასრულებულ ნახატს ვუყურებ. თუმცა იშვიათია სრულიად კმაყოფილი ვიყო ჩემი ნახატით. ყოველთვის მაქვს უკმარისობის განცდა და და საკუთარ თავს ყოველთვის მეტს ვთხოვ.
– გამოფენები და შთაბეჭდილებები…
– ძირითადად, გამოფენებზე ხალხი ცდილობს მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებები გაგიზიარონ და შეგაქონ. რაც უზომოდ სასიამოვნოა, თუმცა, ალბათ, მხატვარს კრიტიკაც სჭირდება.
– შენი ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნებაში…
– ჩემი ნამუშევრები, ალბათ, დამოუკიდებელია გარე სამყაროსგან და არ მიეკუთვნება არც ერთ მიმდინარეობას. სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება, განმევითარებინა ჩემი შემოქმედება და არ მომიქცევია რომელიმე მიმდინარეობის ჩარჩოებში.
– რა შეგიძლია თქვა თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ…
– საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარია, თუმცა თანამედროვე ქართული ხელოვნება, სამწუხაროდ, დაუფასებელია. ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარი არარეალიზებულია…
– მხატვრის თვალით დანახული ჩვენი სინამდვილე…
– ჩვენი სიმანდვილე ოდნავ სევდიანად გამოიყურება. ცოტა ძნელია ხატავდე, როცა ირგვლივ ამდენი ყოფითი პრობლემაა. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც შეიცვლება ხელოვანთა ბედი და უფრო დაფასებულები იქნებიან.

მზევინარ ხუციშვილი

10752149_758048300910891_1671260228_n

10805433_758048310910890_428382054_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები