„ნაგავსაყრელის პოეტი“, ადამიანური დაცემების, დანაკარგების…

            მისი პოეზია სიკვდილზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე და სიძულვილზე, უჩვეულოსა და უცნაურის იდუმალებაზე, სილამაზეზე გვაფიქრებს. ეს კატო ჯავახიშვილის მრავალფეროვანი და მრავალგვერდიანი ცხოვრების პალიტრაა…

– ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი პროფესია – ერთ ადამიანში როგორ თავსდება და, საერთოდ, რამ გამოიწვია ერთი პროფესიის მეორეთი ჩანაცვლება და ა.შ.
– ჰოო, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ამბები და პროფესიები და ისტორიები. სამი არა, – ოთხია, მაგრამ რისთვის, რატომ, როგორ – ეგ მეც არ ვიცი. ზოგადად, ადამიანის მეხსიერება ხომ ძალიან უცნაური რამაა, თავისთავად შლის არასაჭიროსა და გამოუყენებელს, ამიტომ ჩემი მეხსიერების ფსკერზე ეს დიპლომები ბებიაჩემის სკივრში ჩადებული მზითვივით დევს. ალბათ, საკუთარ თავს ვეძებდი და იმიტომ. ალბათ, საკუთარ თავსაც ვიხსენებდი და იმიტომაც. ალბათ, საკუთარ თავს გავურბოდი და თუნდაც იმიტომ. აქვე ისმის კითხვა: რას ეძებს ადამიანი? რა უნდა თქვას სამყაროში და საკუთარ თავში? ეს მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესია. ჩემთან ასეა და რა ვიცი. სულ გავრბივარ საკუთარი თავისგან და მუდმივად სხვანაირი ვუბრუნდები მას. ალბათ, ესაა მიზეზი.
– როგორი დედაა კატო და როგორი გინდა რომ იყოს?10736151_757411377641250_1567510031_n
– დედის ფორმულა ხომ არ არსებობს. დედა არის დედა და ამით ყველაფერი ნათქვამია. ვერ წარმოიდგენ, რამხელა ამბავია ჩემთვის ჩემი გაბავშვებული დედა, რომელსაც ხანდახან ისიც კი მგონია, მე ვუწევ დედობას, ხანდახან მე ვხდები დედა და ის ყველაზე უფრო ჩემი შვილია, ვიდრე ვინმე. ასე იქნება, ალბათ, ჩემი შვილის შემთხვევაშიც, ფიზიკურად თუ არა, მორალურად მაინც მოუწევს ჩემი „შვილობის“ ტვირთის ზიდვა. იცი? გული მწყდება, დედაჩემისგან განსხვავებით, მე უფრო მცირე დროს ვატარებ გიოსთან და რაც დრო გადის, ამ ყოფის ქაოსში გამომწყვდეულს სულ უფრო და უფრო მტკივა ეს. იმდენად პატარა ვიყავი, როცა გიო ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ. ამიტომ უფრო მეტად მეგობრები ვართ, უფრო მეტი თანაზიარობა გვაქვს და უფრო მეტი გაფრთხილებაც. თანაც, მე და გიო ხომ ამხელა სამყაროში მხოლოდ „ორნი“ ვართ და ესეც ძალიან დიდი ფაქტორია იმისთვის, რომ 15 წლის ბიჭის იმედი, როგორც არავისი, ისე მქონდეს.
– აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე თუ გსაყვედურობს შენი შვილი და რაზე?
– ღამე, დაახლოებით 4 საათი. გიოს სძინავს, მე – კომპიუტერის ეკრანთან, უკვე ძალაგამოცლილი. ეს ის კადრია, რომელიც, ალბათ, ჩემს შვილს თავის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩება. იღვიძებს. – დე, ისევ მუშაობ? გეხვეწები, დაწექი რა. ეს ის სიტყვებია, რომელიც მეც სამუდამოდ ჩამრჩება. რეალობა ასეთია: მე დილით სტატია მაქვს ჩასაბარებელი, გარდა ამისა, ჩემი მაღვიძარა რვის ნახევარზე დარეკავს და ცხრაზე უკვე სამსახურში უნდა ვიყო. ადრე მეტად მსაყვედურობდა, ახლა უფრო მეტს ხვდება და საყვედურებიც ნაკლებია. მთავარი, ხომ სხვა რამაა. მთავარი ისაა, რომ მე ის მყავს და მასაც მე ვყავარ.
– როდის დაიწყე წერა და რაში გეხმარება?
– წერა არ ჰქვია იმას, რაც ხუთი წლის ასაკში, სარვამარტო ბარათზე მიწერილი და დედისადმი მიძღვნილი ლექსით დაიწყო. რაღაცებს სულ ვჯღაბნიდი. მერე იყო დილის რედაქცია, თენგიზ ჩალაური, მისი მოწერილი, ლურჯ კონვერტში ჩადებული წერილები, რომელსაც თვეში ერთხელ, სულმოუთქმელად ველოდებოდი. მერე იყო წყვეტა და წერის დავიწყება. მერე იყო ყველაფრის თავიდან დაწყება. სულ ვამბობ, რომ პოეზია ცხოვრებას ჰგავს, ზუსტად იმას ვცხოვრობ, რასაც ვწერ. არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ პოეზია მაშინ მოვიდა, როცა პირველად მოვკვდი, უჰაერობისგან სული შემეხუთა და სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.
ერთმანეთს ვეხმარებით… არცერთს ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. რაღაცით მაზოხისტურ თამაშსაც წააგავს, მტკივნეულ ცხოვრებისეულ დანაკარგსაც, დიდ პოვნასაც… მე მაინც უფრო ნაგავსაყრელის პოეტი ვარ, ადამიანური დაცემების, დანაკარგების…
– რას გიტოვებენ შენი პოეზიის საღამოები?10749218_757411380974583_211418316_n
– არ ვიცი რატომ, მაგრამ ლექსების კითხვა აღარ მიყვარს. ადრე უფრო ხშირად ვაწყობდი საღამოებს, ახლა მხოლოდ წიგნის წარდგენის დროს ვკითხულობ. ისიც იმიტომ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა. ლექსის ადგილი მაინც ფურცელია, პოეტის ადგილიც ფურცელია, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს, ასეა.
საღამოებიდან მომყვება მკითხველი. ის ერთი დიდი ამბავია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი შემოქმედების მთავარი გმირიც ისაა და ჩემი ცხოვრების მუდმივი პერსონაჟიც. ხანდახან ისიც კი მიფიქრია, ეს რამხელა ტვირთი ავკიდე მას, რამხელა ტკივილისთვის გავიმეტე-მეთქი, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. სულ ვგრძნობ და ვცნობ ჩემს მკითხველს.
– რაც შენში არასდროს შეიცვლება…
– ცხოვრება ერთი დიდი პირობითობის თეორიაა. თავისთავად გვაკარგინებს და გვძენს თვისებებს, ადამიანებს, საკუთარ თავებსაც, კი. ზუსტად ამ დაცემებში, ადგომებში და გამოცდებში ყალიბდები, ამიტომ ასე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ვეცდები, რომ ჩემში არასდროს შეიცვალოს ადამიანი, რომელსაც უყვარს, სტკივა, უხარია. სიკეთე ადამიანის ვალში ჩაგდება არ გახდეს და თანაზიარობა – თავის გამოჩენის სურვილი. ტკივილი შემეძლოს, ეს არ დამეკარგოს.
– ადამიანები…
– დიდი ამბავია. რამდენჯერ დავცემულვარ – მათ გამო და მათი დახმარებით გადავრჩენილვარ. ციდან ჩამოვარდნილი ადამიანებიც მყავს, აი, უცებ მეხივით რომ დაგეცემიან თავზე, შეგაზანზარებენ და სიცოცხლეს თავიდან შეგაყვარებენ. ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, თავიანთი შეცდომებით, ტკივილებით, თუნდაც დამარცხებებით – ეს არის კიდეც ჩემი ცხოვრება. თუ საკუთარ თავში არა, მათში მაინც რამენაირად უნდა გადავრჩე.
– რას ცვლიან შენში ცხოვრების სიმძიმეები?10805109_757411367641251_471785534_n
– ვერ ვიტყვი, რომ იოლი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ესეც პირობითი რამაა… ვისთვის რა არის სიმძიმე, ხომ ვერ გაიგებ… ვიღაც ახალი კაბის ვერყიდვის გამო დარდობს, ვიღაც სადღაც წაუსვლელობის, ვიღაც დამჭკნარი ყვავილების. ჩემი სიმძიმეები უფრო ხშირად ჩემთან რჩება ხოლმე. რადგან სიცოცხლე გადავწყვიტე, მათაც რაღაცნაირად უნდა მივხედო. მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი უნდა გამომევლო და ჩემს მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებდა. ამან ასეთად ჩამომაყალიბა, კარგია, თუ ცუდი, ამაზე სხვებმა თქვან.
– ყველაზე დიდი გამარჯვება? წარმატება?
– ისევ ადამიანებს მივუბრუნდები. ყველაზე დიდი გამარჯვება ამ სამყაროში ჩემი შვილი და ის ადამიანები არიან, რომლებიც ისეთად მიცნობენ, როგორიც ვარ. აი, ბევრი სიტყვა და განმარტება რომ არ გჭირდება. თვალებში ჩახედვა როცაა საკმარისი. საერთო ჯამში, დავასკვენი, რომ მაინც გავიმარჯვე, განებივრებული ადამიანი ვარ მათით. დღეს სიყვარული ხომ დიდი ფუფუნებაა. მეცინება, როცა წარმატების დროში გაწერილი ფორმულები აქვთ და ამის მისაღწევად ამ წარმატებაშივე იკარგებიან.
– რთული და საყვარელი…10751969_757411384307916_487033844_n
– რთული და საყვარელი… უცნაურია, ამ შეფარდებაზე არასდროს დავფიქრებულვარ. რთულია ცხოვრება, მაგრამ საყვარელი რამდენადაა, არ ვიცი. ადამიანად შედგომაც რთულია, სიყვარულიც, საკუთარი თავის უანგაროდ გაცემაც. ტკივილიც რთულია, სხვა ადამიანით გული გაგისივდეს, რთულია, აბა, რა…
საყვარელია ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია გაოცება, ამ ბავშვს ხშირად საკუთარ თავში ვეძებ და ვაბრუნებ. საყვარელი შეიძლება იყოს ადამიანიც, რომელსაც ბავშვივით შეუძლია სიყვარული.
– ასე მგონია…
– არ მგონია, რომ ამ სამყაროში რამე, თუნდაც ხორბლისმარცვლისოდენა რამ იკარგება, არ მგონია, რომ „ზერელე“ ადამიანებს მობრუნება არ შეუძლიათ, არ მგონია, რომ არსებობენ „კეთილი“ და „ბოროტი“ ადამიანები, არ მგონია, რომ სიყვარული არ არსებობს, არ მგონია, რომ მომავალი არ გვახსოვს, მგონია, რომ ჩემი მკითხველი გადამარჩენს და ბოლოს, მგონია, რომ დარჩენა ბევრად ძნელია, ვიდრე წასვლა.
– იქნებ რამეს დაამატებ?
– ერთხელ, როცა დავიბადე, ადამიანების ღმერთმა მკითხა: რა გირჩევნია, ტკივილიანი ყოფა, თუ მოსაწყენი იდილია?
მე თვალები ფართოდ გავახილე და ვუპასუხე: – პირველი!
ასე ვცხოვრობ.
ეს მანაც იცის.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები