თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან საირიგაციო მომსახურებისა და სუბსიდირების მოდელის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლების – წინანდლის, ვანთას, ხოდაშენისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საირიგაციო მომსახურების ტარიფის, მორწყვის რეჟიმების, მომსახურების პირობებისა და სარწყავი სეზონის ეფექტიანად დაგეგმვის მნიშვნელობის შესახებ.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის სუბსიდირება ფერმერების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება. ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში წყალმომხმარებლები იხდიან მხოლოდ პირველი მორწყვის ოპერაციის საფასურს, ხოლო დარჩენილი სამი მორწყვის ოპერაციის ხარჯს სახელმწიფო ფარავს. იგივე სუბსიდირების პირობები მოქმედებს მრავალწლოვანი კულტურების მწარმოებლებზეც.

შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა წყალსარგებლობის განრიგის დროულად გაფორმებისა და სარწყავი პროცესის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობას, რაც წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად აგრძელებს, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ფერმერებთან ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები