შალვა ოგბაიძე: ,,მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით’’
დედაქალაქის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე პარკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.
შალვა ოგბაიძემ მათ განცხადებას პოპულისტური უწოდა და განმარტა, რომ დედაქალაქის მერიამ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად შესაბამისი კვლევის შედეგად ავტოსადგომების მშენებლობისთვის 5 ადგილი შეარჩია და ტენდერი გამოაცხადა.
,,თავიდან აღნიშნული მშენებლობისთვის გარკვეული თანხა განისაზღვრა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომეს თანხა 1 ლარამდე შემცირდა, მსურველი არავინ გამოჩნდა.
აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე 200-300 ადგილიანი პარკირება ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ეს ყოველდღიურად მოძრავ 700 000 ავტომობილს ვერ უშველის’’,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი დიდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში საკუთარი ინიციატივით საპარკინგე ადგილებს არავინ აწყობს.
,,მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით და დედაქალაქის ისტორიული ნაწილი ფეხით მოსიარულეებს და ტურისტებს უნდა დაეთმოთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ავტოსადგომებისა და პარკირების აშენება’’,-მიიჩნევს შალვა ოგბაიძე.