ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ნამდვილად, გარედან შეკოწიწებულია ეს ერთობა
“ესენი ინდივიდუალურად და სათითაოდ არიან ადამიანები, ვისაც საკუთარ პოლიტიკურ სინდისზე აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები და უდიდესი მავნებლობები”,- ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
წილოსანის თქმით, თითოეული მათი მოქმედება მიმართულია ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
„ნამდვილად, გარედან შეკოწიწებულია ეს ერთობა, რომელსაც ცდილობენ გაასაღონ ვითომ ერთობის და ალიანსის ფორმულით, თუმცა არაფერი აქვთ საერთო. ესენი ინდივიდუალურად და სათითაოდ არიან ადამიანები, ვისაც საკუთარ პოლიტიკურ სინდისზე აქვთ ძალიან დიდი დანაშაულები და უდიდესი მავნებლობები. ამაზე დიდი მავნებლობა რა შეიძლება იყოს და დანაშაული რა შეიძლება იყოს, როდესაც საკუთარი ქვეყანა გაქვს გაყიდული, როგორც მათ აქვთ. თითოეული მათი მოქმედება სწორედ მიმართულია ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს არ მიემართება „ქართულ ოცნებას“, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ამ სახელმწიფოს და ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია იქნება ეს თუ ანტიკამპანია, რომელიც თუნდაც ხელისუფალს მიემართება, არის სახელმწიფოსკენ მიმართული. ტყუილად ცდილობენ რაღაცნაირად დააცალკეონ ეს, ხალხი და ხელისუფლება, სახელმწიფო და ხელისუფლება. ეს არის ერთიანი საქართველოს სახე და შესაბამისად, ნებისმიერი თავდასხმა ან სახელმწიფოზე, ან ხელისუფლებაზე, არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული თავდასხმა.
რაც შეეხება გარედან დაწერილ სცენარებს, რა თქმა უნდა, სცენარები უცვლელია. ის ინსტრუქციები, რომლებმაც საქართველოში აღარანაირად აღარ იმუშავა, ალბათ შესაცვლელი აქვთ. ფაქტია, ამ შემთხვევაშიც არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, ძალიან ხმამაღალი განცხადებებით გვემუქრებოდნენ, რომ სასწაული, ფართომასშტაბიანი აქცია იქნებოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და დაენახნენ რაღაც რაოდენობა ადამიანების“, – აღნიშნა წილოსანმა.