პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს – ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.
სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.
პროკურატურა პოლიციელების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორი ნინო ზურაბაშვილი ექვსივე პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლების არსებობაზე საუბრობდა.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.