ლევან მახაშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, რა თქმა უნდა, მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის
“როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა თუმცა ფაქტია, რომ ერთგვარ ნორმად იქცა საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკა.
„ინდივიდუალურ სახელმწიფოებს, რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რაზეც მიერთებულია საქართველო და ჩვენ განუხრელად ვიცავთ, პირდაპირ არის აღნიშნული, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იქ აღნიშნულია, რომ ეს არ არის აბსოლუტური უფლება. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც გვავიწყდება ხოლმე, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ერთი არის ინდივიდუალური უფლებების დაცვა, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის სამართლებრივი ბალანსი. ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, ხშირად გაგვიგია ხომ, რომ ჩვენი უფლება სრულდება იქ, როდესაც სხვისი უფლებები იწყება. არ შეიძლება, რომ ჩემი უფლებების დაცვის გამო, სხვის ღირსებას შეურაცხყოფა მივაყენო. ამაზეა აქ საუბარი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.