„მართალს ვიტყვი“ – ლიტერატურულ – დრამატული კომპოზიცია გაიმართება
21 მაისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ლიტერატურულ – დრამატული კომპოზიცია „მართალს ვიტყვი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიტერატურულ – დრამატული კომპოზიცია, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსებზე, თარგმანებზე, მის ბიოგრაფიულ რომანსა და ჩანაწერებზე აიგო, არ არის უბრალოდ ამ გენიალური შემოქმედის ხსოვნის საღამო. ეს საზოგადოებისათვის იმ იდეალების შეხსენება უფრო არის, რასაც ვახუშტი კოტეტიშვილი – ყველაფერთან ერთად დიდი მოძღვარი და მასწავლებელი – თავისი შემოქმედებითა და ცხოვრების წესით საზოგადოებაში ამკვიდრებდა.
„ამ საღამოს ვახუშტის გახსენებით სწორედ ამ იდეალებს გაიხსენებენ. მსახიობები კი წარმოადგენენ ვახუშტი კოტეტიშვილის დაუვიწყარ ნიმუშებზე შექმნილ ლიტერატურულ – მხატვრულ კომპოზიციას.
ეს რამდენიმე საათი მიბრუნებაა პოეზიასთან და მარადისობასთან.
საღამოს რეჟისორია გიორგი შალუტაშვილი, სცენარის ავტორები – გიორგი ლობჟანიძე და ნიკოლოზ წულუკიძე, სცენოგრაფი – გუგა კოტეტიშვილი, წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – დათო თავაძე.
საღამოში მონაწილეობენ: ეთერო და ლელა თათრაიძეები, აზერბაიჯანელი წარმოშობის, თარის მუსიკოსი, აშუღი ნარგილე, ანსამბლ „შავნაბადას“ კვარტეტი, მსახიობები: ანა მატუაშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი კაჭახიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, კახა მიქიაშვილი და სხვა.
ცნობილი პოეტის, მთარგმნელის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელი საქართველოში თითქმის ყველამ იცის. თავისი შემოქმედებით ვახუშტი კოტეტიშვილმა ქვეყანას ისეთი საგანძური დაუტოვა, რაც ამ სახელს დროთა განმავლობაში უფრო მეტი სინათლით შემოსავს და ნამდვილ ლეგენდად აქცევს. მისი თარგმანები და, საერთოდ, ყველაფერი, რასაც მისი ხელი შეეხო, დღეს უკვე ქართული ლიტერატურის კლასიკაა და ეს ნიმუშები უამრავ ქართველს ზეპირად ახსოვს.
ის პოეზიის მფეთქავი ნერვი იყო თავისი დროის საქართველოს ცხოვრებაში, რომელსაც სამშობლოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა უცნაური სიღრმით ათრთოლებდა და ამ თრთოლვას მაღალი ოსტატობით „გარდათქვამდა“ ლექსად, თარგმანად, სამეცნიერო შრომებად. ვახუშტი კოტეტიშვილი პოეზიას თარგმნიდა ცხოვრებად და, პირიქით, ცხოვრებას პოეზიად“, – წერია ინფორმაციაში.