ლექცია ირაკლი ფარჯიანის შესახებ – საჯარო შეხვედრა გაიმართება
22 მაისს, 18:30 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს საჯარო შეხვედრას – ლექცია ირაკლი ფარჯიანის შესახებ, რომელიც მიმდინარე გამოფენის ფარგლებში გაიმართება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, 22 მაისს ირაკლი ფარჯიანს 76 წელი შეუსრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა – 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, მხატვარმა მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა. ირაკლი ფარჯიანის ყველაზე მასშტაბური კოლექცია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ დარბაზსა და ფონდშია დაცული.
ლექცია ირაკლი ფარჯიანის ფიგურის შესახებ მის დაბადების დღეზე მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიმართება, სადაც მისი გამოფენა „იდუმალი სხივია“ წარმოდგენილი.
გამოფენა თანამედროვე ქართულ სახვით ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი არტისტის მრავალშრიან შემოქმედებას წარმოაჩენს. კონსტანტინე ბოლქვაძის საკურატორო თხრობა აგებულია ფარჯიანის ერთგვარ ვიზუალურ თარგმანზე, სადაც მკაფიოდ იკვეთება ფარჯიანის აქტუალობა ჩვენს თანამედროვეობაში. დროებითი გამოფენა მაისის ბოლომდე გრძელდება.
სპიკერები: ხელოვნებათმცოდნე და კურატორი – კონსტანტინე ბოლქვაძე;
სტუმარი – ირაკლი ფარჯიანის მეუღლე, გერმანისტი და მთარგმნელი – ასმათ ფარჯიანი;
ლექციას გაუძღვება მუზეუმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი – ნინია ახვლედიანი.
მისამართი: რუსთაველის გამზირი N7.