ნათია როსტიაშვილი: ბევრი მკითხველი – მეტი სიყვარულია…

              მწერალი და ჟურნალისტი ნათია როსტიაშვილი არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ორი დღის წინ კი, როგორც თავად ამბობს, „უსაყვარლესი მწერლის“ გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულების“ პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
– გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ პირველი და მეორე ადგილი ერთდროულად. რა მოხდა?
– ორი დღე გავიდა და ბოლომდე ჯერ ვერ გავიაზრე, რამხელა ამბავი მოხდა ჩემს თავს. ჯერ ის, რომ ჩემი უსაყვარლესი მწერლის, გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემიის მფლობელი გავხდი, ახლა ის, რომ სამი საპრიზო ადგილიდან ორი (პირველი და მეორე) მომენიჭა. ასეთი რამ, მგონი, დღემდე არსად მომხდარა…. ისედაც ზეემოციური ადამიანი ვარ და ეს ამხელა ამბავი ტესტი იყო ჩემი გულის გამძლეობაზე. ბეწვზე გადავრჩი.12757_755371854511869_1928343548329624643_n
ორ-ორი მინიატიურის გაგზავნა შეგვეძლო კონკურენტებს. ჟიურის ტექსტები ავტორების გვარ-სახელის გარეშე დაურიგდათ. შეარჩიეს სამი გამარჯვებული და ჩემზე არანაკლები „შოკი“ მიიღეს, როცა გაცხადდა, რომ მათი რჩეული სამი ტექსტიდან პირველსა და მეორეადგილოსან მინიატიურას ერთი ავტორი ჰყავდა.
ესეც უნდა ვთქვა: ჩემს ამ მზესავით კაშკაშა სიხარულს ჩრდილი დაჰყვება… ვერ მოვეფერეთ ამ ადამიანს – გოდერძი ჩოხელს… ვერ დავეხმარეთ, გვერდში ვერ დავუდექით, სანამ ცოცხალი იყო. აღარაა და ახლაც აქეთ გვპატრონობს…
– საერთოდ, არაერთი ლიტერატურული პრემია გაქვს მიღებული, რომელს გამოარჩევდი?
– გოდერძის პრემიის გარდა, გამოვარჩევდი ლიტერატურულ კონკურსს „წეროს“, სადაც მოთხრობისთვის „ჭაღის ანგელოზი“ პირველი პრემია მომენიჭა და იგივე მოთხრობა კულტურის სამინისტროს რჩეულიც გახდა.
რეზო ინანიშვილის სახელობის კონკურსის სამეულში გასვლაც სასიხარულო იყო, „ლიტბუნიობის“ ფინალისტობაც. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ კონკურსის გამარჯვებულების მიმართ ინტერესი იზრდება. ბევრი მკითხველი კი მეტი სიყვარულია.
– როგორ იწყება ნათიას დღე?
– არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ხუთ წელზე მეტია, ჩემთვის აღარ არსებობენ სუსხიანი, უჟმური და ნაცრისფერი დილები. იმიტომ, რომ ძილის ქვეყნიდან ჩემი შვილების ამომღერებულ ორ ასობგერას გადმოვყავარ: ,,დე…“
დღის განმავლობაში დაღლაც არის, ნერვიულობაც, სხვადასხვა საქმის გამო ორ, სამ, ხუთ, ათგან ხერხემალჩაწყვეტილი სამოთხრობე აბზაცებიც, მზეც არის და ქარიშხალიც, ასეთი დღეებიც გამოდნება და – ისეთიც, მაგრამ დილები…
მადლობა ღმერთს, ჩემს დღეებს აყვავებული რტოები თუ ვერა, ფესვი მაინც ყოველთვის საღი აქვთ…
– რაც შენში არასოდეს შეიცვლება?532917_755371831178538_3091481237063630393_n
– ხორცია, რომ მუდმივ ცვალებადობაშია, თორემ დანარჩენი რაც ხარ – ეგა ხარ. სულ.
– ადამიანები ნათიას ცხოვრებაში…
– პათეტიკის გარეშე ვამბობ ამას: ბევრჯერ მიფიქრია, ეგრე ძალიან როგორ გიყვარვარ-მეთქი, ღმერთო, ამდენი ჩემიანი ადამიანი რომ მომივლინე. ამ ადამიანებითაა, სამყარო რომ მეფერადება, დროდადრო, ჩამძიმებული გულის დაცლა რომ მიხერხდება, ეს ცივგულიანი სააქაო მზიანი რომ მეჩვენება და მათბობს…
– შენი მოთხრობების პერსონაჟები…
– მე მჯერა, რომ თითოეული პერსონაჟი თვითონ ირჩევს ბედის დამწერს – ავტორს. როცა წარმოსახვაში რომელიმე მათგანის კონტური გიჩნდება, ერთგვარ პასუხისმგებლობას გრძნობ – ზუსტად ამოიცნო, ხასიათი მორგებულად გამოუძერწო. იმედები არ გაუცრუო…
როგორც კი მოთხრობა დასრულებულ სახეს იღებს – პერსონაჟები ,,მატერიალიზდებიან.“ ნამდვილებია. თავ-თავიანთი ხასიათი აქვთ, ინდივიდუალური მაჯისცემა.
– მწერლობა და ჟურნალისტიკა, ორი განსხვავებული პროფესია, როგორ თავსდებიან ისინი ერთ ადამიანში?
– იმდენად განსხვავებულებიც არ არიან, ერთმანეთი რომ ვერ იგუონ.
ერთი ნათია რეალურ ადამიანებს ხვდება, მეორე – თვალით უხილავ პერსონაჟებს.
პირველს უკვე მომხდარი ამბები აინტერესებს, მეორე – თვითონ ,,ახდენს’’ ამბებს.
პირველი ხილულ გზებზე დადის, რომლებსაც, ძირითადად, ადამიან-კერკეტ კაკლებთან მიჰყავთ. მეორე სხვაგან ცდილობს ბილიკის გაკაფვას. იქ, სადაც  ცვილის პერსონაჟებია. დაიმწკრივებს ეგ მეორე ხელის გულზე ამ ცვილს და ძერწავს…
– ვინ ან რა გაწერინებს მოთხრობებს?
– პერსონაჟები. მოდიან და არ გასვენებენ, სანამ ცხოვრებას არ დაუწერ. სანამ თავ-თავის ბილიკებზე არ ჩალაგდებიან, სანამ საკუთარ თავს არ ითამაშებენ შენს მოთხრობებში.10371933_755371841178537_6256607525422028565_n
– თუ გამოარჩევ საყვარელი მოთხრობა საკუთარი მოთხრობებიდან  და რატომ?
– ჩემი მოთხრობებიდან რომელი უფრო მიყვარს – ამ ნიშნით ვერცერთს გამოვარჩევ (ვაიდა, ერთი მოთხრობა დავასახელო და მეორეს ეწყინოს), თუმცა ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ,,ერთჩრდილიანი ქალაქი“-სა და ,,საით წავიდა ლოლა“-ს მიმართ (ორივე შესულია ჩემს წიგნში ,,ჭაღის ანგელოზი“). ამ ორი მოთხრობის ,,ფირი“ ძალიან დიდხანს მიტრიალებდა თავში – დაწერამდეც და დაწერის მერეც. სხვანაირად ჩემიანებია…
– ყველაზე რთული და ყველაზე საყვარელი…
– ბოლო დროს მიჭირს საგნებისა და მოვლენებისთვის კონკრეტული სახელის დარქმევა. არ ჩერდებიან ასე ერთ ადგილზე, ერთი ზედსართავის ჭერქვეშ. ან უბრალოდ, მე არ გამომდის, ერთმანეთს გავუმიჯნო, სიმყარე შევუნარჩუნო. ერთმანეთში გადიან და გამოდიან, ერთიანდებიან და ცალ-ცალკავდებიან, იდღაბნებიან და იწმინდებიან… სრული ქაოსია.
ადამიანი ისეა მოწყობილი, სირთულეს გაურბის. აბა, მე რომელი გამონაკლისი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მომხდარა, ის, რაც რთული მეგონა, რაც მძაბავდა, სრულიად მოულოდნელად შემყვარებია. მომხდარა, სიმარტივეს, სიმშვიდეს გავქცევივარ და რთული მიძებნია. მაგრამ მე მაინც არ ვარ მამაცი და მებრძოლი ნატურა. ამიტომაც ბევრჯერ თავქუდმოგლეჯილი გამოვქცეულვარ ყველა იდუმალ-საინტერესო ლაბირინთიდან ერთი უბრალო ხის ქვეშ მომითქვამს სული.
მიდი და გაიგე ახლა, რომელი რომელია…
– სინანული და გულისტკივილი…
– სინანულისას ვერაფერს გეტყვით, ანდა – არაფერს… გულისტკივილი კი იმდენი გადამიტანია, იმდენი ისევ დამაქვს, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, ესენი თუ არ გამოვყარე, კიდევ მომავლისას სადღა დავიტევ…
– თუ გიწევს საკუთართან თავთან ბრძოლა და რის გამო?
– მადლობა ღმერთს – დავმეგობრდით (მე და მე). წლების წინ, როცა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ – ასე არ იყო. გვქონდა, კი, ბრძოლები… მერე დავზავდით. მივხვდით, რომ თუ არ ვიმეგობრებთ, ეს ჩვენი საერთო გული ამდენ ყიჟინას ვეღარ გაუძლებს, დაიღლება. ისე ძალიან დაიღლება, რომ ადგება – წავა…
– დღევანდელი გადასახედიდან რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
– ამაზე არ ვფიქრობ. რაც მითქვამს, გამიკეთებია, გადამიტანია, მიფიქრია, რა ბილიკებითაც აქამდე მოვსულვარ… ამ ყველაფრის ერთობლიობაა ჩემი ცხოვრება. როგორ ვთქვა, ამას და იმას შევცვლიდიო? ეგ ხომ მე აღარ ვიქნებოდი… იქნებ უკეთესი ცხოვრებაც გამოჩარხულიყო ამ ,,ჩასწორებებით“ მაგრამ ჩემი აღარ ერქმეოდა.

10482281_755371844511870_2336474639898040254_n

1958412_755371851178536_5865931502336916761_n

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები