აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანის 16 დამნაღმველი გემი გაანადგურეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოპერაცია 10 მარტს ჩატარდა.
სამიზნედ ირანის ის საზღვაო ხომალდები შეირჩა, რომლებიც, ამერიკული მხარის შეფასებით, შესაძლოა, სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსებისთვის გამოყენებულიყო და როგორც საერთაშორისო საზღვაო გადაადგილებისთვის, ისე ენერგორესურსების მიწოდებისთვის საფრთხე შექმნილიყო.
მანამდე, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ამერიკულმა ძალებმა თავდაპირველად ირანის 10 დამნაღმველი ხომალდი გაანადგურეს. მისი განცხადებით, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის დანაღმვას შეეცდებოდა, ვაშინგტონის პასუხი მკაცრი სამხედრო ზომები იქნებოდა.
მოგვიანებით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა, რომ განადგურებული ხომალდების რაოდენობა საბოლოოდ 16-მდე გაიზარდა.
