მგფ-ის დირექტორი – ველისციხის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები; მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბექა ურუშაძის განცხადებით, კონტრაქტორთან ყველანაირი რესურსი ამოწურეს.
მისივე თქმით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
“ფაქტობრივად, კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაწყვეტილიყო ეს კონტრაქტი. უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულება და პროექტი, მათთან შეთანხმებით მიდის ეს პროცესი, შესაბამისად, [ხელშეკრულების] გაწყვეტის პროცესსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად მოკლე დროში, პირველ რიგში, შეწყდეს – ეს პროცესია ახლა მიმდინარე და ამის შემდგომ უკვე გამოცხადდეს ახალი ტენდერი სამუშაოების დასრულების მიზნით”, – აღნიშნა ბექა ურუშაძემ.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.