აჭარის პოპულარიზაცია პოპულარულ ტურისტულ პლატფორმაზე ,,Toncheng Travel’’ იგეგმება

ჩინეთის წამყვან ონლაინ ტურისტულ პლატფორმაზე ,,Toncheng Travel’’ აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

“მასშტაბური ციფრული პლატფორმა, რომელიც რამდენიმე მილიონიან აუდიტორიას მოგზაურობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისებს სთავაზობს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. გვერდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აჭარაში მიმდინარე კვირას იმოგზაურა და თავად გამოცადა ის ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რასაც აჭარა საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს.

Tongcheng Travel წარმოდგენილია სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასა და ციფრულ პორტალებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია WeChat-ის მინიპროგრამა, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 280 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, ასევე Weibo, სადაც კომპანიის გვერდს დაახლოებით 180,000 გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმებზე კონტენტის საერთო ჩართულობა (გაზიარებები, მოწონებები და კომენტარები) დაახლოებით 1.5 მილიონს აღწევს, რაც უზრუნველყოფს მასალების მაღალ ხილვადობასა და მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას. ტურის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო მასალის გამოყენება Toncheng travel-ის სოციალური არხების მეშვეობით იგეგმება, რაც აჭარის რეგიონის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წლის მარტიდან, პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note და Weibo ასევე მიმდინარეობს აჭარის 9 თვიანი სარეკლამო კამპანია. კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ გვერდებზე შეიქმნა ბათუმის საპრომოციო გვერდი Visit Batumi, რომლის მეშვეობით გვერდის მომხმარებლებს აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი ეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას იქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელზეც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები