აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილებში გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შუახევის რაიონულ პოლიციაში გამოძიება დაიწყო.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი, 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები