რატომ უპირისპირდება ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ სტრუქტურებს – გიორგი კაპანაძე
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა აგრძელებს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ არსებული დავის მონიტორინგს და მისი ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ამჯერად, ორგანიზაციამ ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ გავრცელებული განცხადებები შეისწავლა, საიდანაც გამოიკვეთა, რომ აკადემიის მინორიტარი აქციონერები ღიად უპირისპირდებიან საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს სამართალდამცავ სამინისტროებსა და უწყებებს.
კაპანაძის შეფასებით ნათია ჯანაშია, მის მიერ გავრცელებულ განცხადებებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ღიად ადანაშაულებს კორუფციაში და კანონის გვერდის ავლაში.
„ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულ განცხადებებში პირდაპირ იკვეთება ბრალდებები, რომელიც მიმართულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ჯანაშია ყოველგვარი არგუმენტისა და დასაბუთების გარეშე ძალოვან სტრუქტურებს ადანაშაულებს კორუფციაში და კანონის გვერდის ავლაში. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძიებინა ერთი რეალური არგუმენტი მაინც, რომელიც ამ ბრალდებებს დაადასტურებდა, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში მსგავსი რამ ვერ ვნახეთ“, – აცხადებს კაპანაძე.
როგორც აფბას ხელმძღვანელი აცხადებს, ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულ განცხადებებში, ასევე ადგილი აქვს ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებსაც, როდესაც იგი ერთის მხრივ, კორუფციაში ადანაშაულებს სახელმწიფო უწყებებს, ხოლო მეორეს მხრივ, მათი ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.
კერძოდ, განცხადებაში ნათია ჯანაშია წერს: „დიდი ხნის განმავლობაში არ იწყებოდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ჩვენი ვარაუდით, საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობა შესაძლო კორუფციული გარიგების შედეგია“. და შემდგომ, ამავე განცხადებაში ნათია ჯანაშია ამბობს: „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა“.
გიორგი კაპანაძის განცხადებით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნათია ჯანაშია სახელმწიფო უწყებებს ღიად დაუპირისპირდა და მათ მიმართ სხვადასხვა ბრალდება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გაახმაურა.
„ნათია ჯანაშია საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს არაერთხელ დაუპირისპირდა. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ გამოვაქვეყნეთ არაერთი განცხადება, სადაც საუბარი იყო იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, მოსამართლეებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებულ უარგუმენტო ბრალდებებზე. სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება და ამჯერად ნათია ჯანაშია საქართველოს ძალოვან სამინისტროებსა და უწყებებს უპირისპირდება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე“, – აცხადებს კაპანაძე.
გიორგი კაპანაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის კუთვნილ მედიარესურსზე Pasukhi.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაზე ამახვილებს, სადაც ცოლ-ქმრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში თავმოყრილია ყველა პრეტენზია და დაპირისპირების მიზეზი საქართველოს სამართალდამცავ სისტემასთან.
კერძოდ, საქართველოს პოლიცია დადანაშაულებულია ბრიტანულ-ქართული აკადემიის თანამშრომლების უკანონოდ გატაცებასა და დაშინებაში და დანაშაულის ფაქტების დაფარვაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე გულგრილობაში, უპასუხისმგებლობაში და კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი წერენ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაპირველად უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე, სავარაუდოდ ირაკლი გილაურის გავლენების შედეგად. გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შემდეგ, გამოძიება დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობდა. დღევანდელი მდგომარეობით, გამოძიება თითქოს შეჩერდა და წინ აღარ მიდის. არის თუ არა შესაძლებელი, რომ სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ბრძოლის პირობებში, ირაკლი გილაურმა მოიპოვა და გამოიყენა გავლენები გამოძიების შესაფერხებლად? თუ გამოძიების ტემპის ვარდნა მხოლოდ უწყების გადატვირთულობის ბრალია? (ციტატის დასასრული).
სასამართლო სისტემის მიმართ პრეტენზიები დიდ ბრიტანეთში შეტანილი სარჩელის ანალოგიურია და იმეორებს ლონდონის სასამართლოში დაფიქსირებულ ბრალდებებს.
საჯარო რეესტრი და, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო დადანაშაულებულია ნათია ჯანაშიას დირექტორობიდან გადაყენების გამო.
„ნათია ჯანაშიას თავდასხმა საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებზე ახალი არ არის, თუმცა ბრიტანეთის სასამართლოში ჩივილის შემდეგ უკვე ქართულ მედიასივრცეში ერთდროულად 4 სახელმწიფო სტრუქტურის წინააღმდეგ გალაშქრება, ბრალდებების გარკვეული ორკესტრირებისა და ორგანიზებული შანტაჟის შედეგია,“- ამბობს გიორგი კაპანაძე.