მექსიკის პრეზიდენტი ვენესუელაში მშვიდობის დასაცავად გაეროს ჩარევას ითხოვს

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა გაერო-ს მოუწოდა, ჩაერიოს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად კარიბის ზღვის აუზში მზარდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარე მოვლენების მოგვარებაში, რადგან აშშ ვენესუელას ჩრდილოეთ სანაპიროსთან სამხედრო ძალების გაძლიერებას აგრძელებს.

“არა უცხოურ ჩარევას. ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს, შეასრულოს თავისი როლი – ჩვენ არ გვინახავს მისი როლი – რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი სისხლისღვრა და უზრუნველყოს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება ყოველთვის მიიღწეოდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა შეინბაუმმა.

მისი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მთავრობა დაადანაშაულა, რომ ისინი ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს “ნარკოტერორიზმის, ადამიანებით ვაჭრობის, მკვლელობებისა და ადამიანების გატაცების” დასაფინანსებლად იყენებენ.

კარაკასმა გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.

როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შაინბაუმმა თავი აარიდა ამერიკელი კოლეგის პირდაპირ კრიტიკას, მან ეკონომიკური ზომების გამოყენება დაგმო.

“ბლოკადების პრობლემა ის არის, რომ ისინი, როგორც ჩანს, მთავრობების სამიზნედ იქცევიან, სინამდვილეში კი ისინი ხალხს აზიანებენ. კუბის შემთხვევაშიც ასეა: მთავრობის შესახებ ადამიანის აზრის მიუხედავად, ბლოკადა რიგით მოქალაქეებს აზიანებს“, – თქვა მან.

მექსიკის პრეზიდენტი აშშ-სა და ვენესუელას შუამავლის როლს სთავაზობს და მხარეებს სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები