სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების ათეულობით შემთხვევა და აღებული ათიათასობით ლარი – თავდაცვის სამინისტრო დაკავებულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენერალური ინსპექციის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა 1959 წლის 25 ივნისს დაბადებული ერთი პირი – ვ. შ. აღნიშნული პირი, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.

“თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა დაფასოებული სახით.

ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც აღინიშნა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით”, – განაცხადეს ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები