არჩილ გორდულაძე: თუ კაია კალასს წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც კარზე ექნება წარწერა „ხელისუფალი“, ეს არ გამოვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები დემოკრატიული საფუძვლის პირდაპირი ჩამონგრევაა.
“დემოკრატიული საფუძვლის პირდაპირი ჩამონგრევაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც კი აღარ არის, მათ შორის ამაზე ესეც მეტყველებს. როდესაც კაია კალასი საუბრობს, თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია დგას, რომელიც არის დემოკრატიის საწყისი, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს ხელისუფალს, ფეხქვეშ თელავს.
თუ იმას წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც “ხელისუფალი” კარზე წარწერა ექნება, ეს არ გამოვა, იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიიდან, საკანონმდებლო სივრციდან, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.
როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ზუსტად ეს აჩენს სკეპტიციზმს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ, რაც ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის. ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი განცხადებები, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება, ფეხქვეშ თელავს მათ არჩევანს და როცა ვინმე მიუთითებს, რომ თურმე ქართულ ხალხზე უკეთესად იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს ხელისუფალი, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ეს არის ჩარევის მაგალითი, დემოკრატიის გადახაზვა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ უბრალოდ არავითარი საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. არავითარი წესები აღარ არსებობს, ურთიერთპატივისცემა და დამოკიდებულება აღარ არსებობს და ამ ყველაფრის საწყისი არის ის ძალა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გავლენა მოქმედ ბიუროკრატიაზე”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.