“შემდგომი ნაბიჯები არის ქართულ ხორბალთან დაკავშირებული პროგრამების დაფუძნება, იმ ფერმერების წახალისება, ვისაც ქართული ხორბალი მოჰყავს და ამ აღიარების გამოყენება ტურიზმის პოლიტიკაში” – წილოსანი
„გვჭირდებოდა კვლევები, ექსპედიციები, ვიდეო და ფოტომასალა იმის დასადასტურებლად, რომ ეს იყო უწყვეტი ტრადიცია, რომელიც 8 ათასი წლის მანძილზე ხორციელდებოდა და რომ პურის ცხობას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა როგორც რელიგიურ რიტუალებში, ასევე საყოფაცხოვრებო პროცესებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
კერძოდ, მან იმ სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც UNESCO-ში ქართული ხორბლის წარსადგენად მიმდინარეობდა.
„კულტურის სამინისტრო შესაბამისი თანამშრომლებით და სააგენტოებით აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, მათ შეკრეს მთლიანად ქართული ხორბლის ბარათი, რომელიც გაიგზავნა იუნესკოში.
შემდგომი ნაბიჯები არის ქართულ ხორბალთან დაკავშირებული პროგრამების დაფუძნება, იმ ფერმერების წახალისება, ვისაც ქართული ხორბალი მოჰყავს და, რა თქმა უნდა, ამ აღიარების გამოყენება ტურიზმის პოლიტიკაში“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.