სოლომონ პავლიაშვილი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ჩაბა გონდოლას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ჩაბა გონდოლას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას უნგრეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული საერთაშორისო მხარდაჭერისთვის.

“სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას, რასაც საქართველო საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა შესრულების მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების მართვას და ცირკულარულ ეკონომიკას. საუბარი შეეხო პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების პრევენციისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს.

სოლომონ პავლიაშვილმა უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, როგორც პლასტმასით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, ასევე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღების მიზნით, ისეთ სექტორებში, როგორიც არის ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები და შეფუთვის ნარჩენები. ამ პროცესში უნგრეთის გამოცდილების გაზიარება ღირებული იქნება.

უნგრელი კოლეგა მიესალმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს და დეტალურად ისაუბრა უნგრეთის ნარჩენების მართვის მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ. უნგრელმა კოლეგამ მზადყოფნა გამოთქვა გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები