რევაზ სოხაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა და აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებითი დინამიკა.
მინისტრმა ელჩს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პროგრესი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტექნიკური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობები და ინვესტიციების შესაძლო მიმართულებები.
მხარეებმა შეხვედრის ბოლოს დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა იმ პროექტებისა და ინიციატივების ფარგლებში, რომლებიც ორი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და პარტნიორობის გაძლიერებას მოემსახურება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, ჩინეთის ელჩის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ჭოუ ციუ იენი, და ელჩის პირველი მდივანი, ჭანგ ცუეი.