მერცი: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერციმ, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ „სამშვიდობო გეგმის“ პოპულარიზაციის კონტექსტში, უკრაინაში ომის საკითხზე ისაუბრა,- ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მერცი ამბობს, რომ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და საუბრობს უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე, მაგრამ არა ისეთი პირობებით, რომლებიც „კაპიტულაციას“ უტოლდება.

მან ასევე აღნიშნა ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობა.

“უკრაინისა და ევროპელების თანხმობის გარეშე, უკრაინაში რეალური, მდგრადი მშვიდობის საფუძველი არ იარსებებს. ევროპის საქმეების მოგვარება მხოლოდ ევროპის თანხმობით შეიძლება, რადგან ევროპა არ არის პაიკი, არამედ სუვერენული მოთამაშეა, საკუთარი ინტერესებითა და ღირებულებებით”,- განაცხადა მერციმ.

მისი თქმით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას, რაც შეიძლება, დიდხანს გააგრძელებს.

„პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ აქვს შანსი, მოიგოს ეს ომი თავისუფლებისა და მშვიდობის ევროპული წესრიგის ხარჯზე“, – აღნიშნა მერციმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები