მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.
კერძოდ, აკრძალვა ეხება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოებას (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას.
ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.
დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს.
პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია ბაზარზე განთავსებული იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.
ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან (2026 წლის 1 იანვრიდან) ექვსი თვის განმავლობაში.
კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ იკრძალება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოება ექსპორტის მიზნით. მწარმოებელი, რომელიც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის საგნებს ამზადებს ექსპორტის მიზნით, ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს როგორც წარმოების დაწყების, ასევე, დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნები) რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნებისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა პლასტიკის გამოყენების რეგულაციასთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება შესაბამის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეჯერებული პოზიციებით ეტაპობრივად მოხდება პლასტიკის გამოყენების შემცირება.