იაპონია ტაივანთან ახლოს სარაკეტო სისტემების განთავსებას გეგმავს — ჩინეთი კრიტიკას გამოხატავს
იაპონია ტაივანის მახლობლად, კუნძულ იონაგუნიზე სარაკეტო სისტემების განთავსებას გეგმავს.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის, შინჯიროკოიზუმის განცხადებით, ჩინეთთან უთანხმოების ფონზე, რაკეტების განთავსება იაპონიაზე შეიარაღებული თავდასხმის რისკებს შეამცირებს.
ჩინეთი კი იაპონიას გეგმის გამო „რეგიონული დაძაბულობის შექმნისა და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირების განზრახ მცდელობაში“ ადანაშაულებს.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ იაპონიის მემარჯვენე ძალები ცდილობენ, გათავისუფლდნენ პაციფისტური კონსტიტუციის შეზღუდვებისგან, მიდიან მილიტარიზმის გზაზე და იაპონიასა და რეგიონს კატასტროფისკენ უბიძგებენ.
„წელს ჩინეთის ხალხის წინააღმდეგობის ომში იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვების 80 წლისთავი და ტაივანის რეტროცესიის 80 წლისთავი აღინიშნება. ჩინეთი არასდროს დაუშვებს იაპონიის მემარჯვენე ძალების მიერ ისტორიული პროგრესის შებრუნებას, არასდროს დაუშვებს გარე ძალების ჩარევას ტაივანის საქმეებში და არასდროს დაუშვებს იაპონური მილიტარიზმის დაბრუნებას. ჩინეთს აქვს მტკიცე გადაწყვეტილება და შესაძლებლობა, დაიცვას თავისი ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მაო ნინმა.