“სახელმწიფო ენის გამოცდისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სახელმწიფო ენის გამოცდა (A1, A2, B1, B2 დონეები), რომელსაც ცენტრი პირველად 6-7 დეკემბერს ჩაატარებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 24 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

“რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.

გაითვალისწინეთ, რომ:

რეგისტრაციისას ყველა ველის შევსება სავალდებულოა.
სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლების ატვირთვა.
განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში ცენტრისაგან მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში პირველი დეკემბრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება.

პირებს, რომლებიც ატვირთავენ არასრულყოფილ განაცხადს, უფლება აქვთ 2 დეკემბრის 18:00 საათამდე გაასწორონ რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზი.

სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და შეამოწმებს ოთხ კომპეტენციას: მოსმენას, კითხვას, წერასა და ლაპარაკს. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. A1-A2 და B1-B2 დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს გამოსაცდელი.

გამოცდის მიზანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოება. საგამოცდო ტესტზე მუშაობა მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები (მოსმენა, წერა, კითხვა და ლაპარაკი), შემდეგ – მიღებული შედეგების ფსიქომეტრული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.

უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებული იქნება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

2030 წლიდან A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებაც იგეგმება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები