პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტებმა უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინა ააფეთქეს: დაიღუპა 3 პოლიციელი
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პეშავარში, ფედერალური პოლიციის შტაბ-ბინაში ორი თვითმკვლელი ტერორისტი შეიჭრა და შენობა ააფეთქა, რის შედეგადაც სამი უსაფრთხოების თანამშრომელი დაიღუპა და სულ მცირე, 12 ადამიანი დაშავდა.
როგორც მედია წერს, პოლიციის კომპლექსი პეშავარის მკაცრად დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს და თავდამსხმელებს შიგნით შესაღწევად უსაფრთხოების რამდენიმე დონის დარღვევა მოუწევდათ.
ამჟამად ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, დაშავდა ხუთი უსაფრთხოების თანამშრომელი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე.
პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ასაფეთქებელი ნივთიერება ფედერალური პოლიციის შტაბის მთავარ შესასვლელთან აამოქმედა, ხოლო მეორე თავდამსხმელი პოლიციელებმა ავტოსადგომის მახლობლად მოკლეს.
„ამ შემთხვევის დამნაშავეები რაც შეიძლება მალე უნდა გამოვლინდნენ და მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ ხელს შევუშლით ტერორისტების ბოროტ ზრახვებს, რომლებიც პაკისტანის მთლიანობას ესხმიან თავს“, – განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.