ზელენსკი – მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის გუნდი გვისმენს
მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ამერიკელებს და ვიღებთ სიგნალებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“უკრაინელების ერთიანობა ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში – ეს არის ის, რაც მუშაობს. უკრაინულ დელეგაციას მიეცა დირექტივები, არსებობს მიმართულება, რომელსაც ჩვენი უკრაინული დელეგაცია მიჰყვება”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შედეგად განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, მხარეები გარკვეულ დეტალებზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო სიტყვა ახლა ორი ქვეყნის პრეზიდენტებზეა.
უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, გააგრძელონ ინტენსიური მუშაობა ერთობლივ წინადადებებზე. მედიის ცნობით, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რაც უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას უზრუნველყოფს.