NASA: მზე მოულოდნელად „იღვიძებს“ — აქტივობა გეგმაზე ბევრად მაღალია
NASA-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ მზის აქტივობა უეცრად და მკვეთრად იზრდება, რაც მათ პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება. სპეციალისტების თქმით, მზის ქარიშხალი, აფეთქებებისა და კოსმოსური ამინდის სხვა მოვლენების რაოდენობა მატულობს, რისი ზემოქმედებაც დედამიწაზე სულ უფრო შესამჩნევი ხდება.
ჩვეულებრივ, მზე 11-წლიან აქტიურობის ციკლს მიჰყვება. ამ ციკლის ინტენსივობა 1980-იანი წლებიდან 2008 წლამდე სტაბილურად კლებულობდა, რის საფუძველზეც მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მომდევნო ციკლიც ისტორიულად დაბალი აქტივობით გამოირჩევა. თუმცა NASA-ს ახალი კვლევა, რომელიც ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა სათაურით „2008 წელს მზემ დაასრულა თავისი მრავალწლიანი დასუსტების ტენდენცია“, სრულიად სხვა სურათს აჩვენებს — მზის აქტივობა 2008 წლიდან ზრდას იწყებს.
„ყველა ნიშანი მიუთითებდა, რომ მზე დაბალი აქტივობის ხანგრძლივ ფაზაში შედიოდა,“ — აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა, NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის წარმომადგენელმა ჯეიმი ჯასინსკიმ. „ამიტომ მზის მხრიდან აქტივობის მატება სრულიად მოულოდნელი იყო. ფაქტობრივად, მზე თანდათან ‘იღვიძებს’.“
მზის გააქტიურების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შედეგი დედამიწისთვის კომუნიკაციების შეფერხებაა. კორონალური მასის გამოტყორცნები (CME) და მზის ძლიერი აფეთქებები იწვევს რადიოკავშირის გათიშვას, თანამგზავრების დაზიანებას, GPS-ის ხარვეზებს და ზოგ შემთხვევაში — ენერგოსისტემების შეფერხებასაც.
ამ მოვლენების დროს მზიდან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკები არღვევენ დედამიწის ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს, რაც ძლიერ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ციალს განაპირობებს.
მეცნიერებს მზის აქტივობის მრავალსაუკუნოვანი ჩანაწერები გააჩნიათ. ერთ-ერთ ყველაზე გრძელ და უჩვეულო პერიოდად მიიჩნევა 1790–1830 წლების ინტერვალი, როდესაც მზის აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა — ეს პერიოდი ისტორიში „დალტონის მინიმუმის“ სახელითაა ცნობილი.