Financial Times: კიევში აშშ-ის დელეგაციის უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის ტონი „ამაზრზენი“ იყო – ტრამპის წარმომადგენლები უკრაინას ულტიმატუმს უყენებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ხუთშაბათამდე მოაწერონ
“ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების გეგმაზე მოლაპარაკებების მცირე შესაძლებლობა არსებობს, რადგან აშშ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენს, რათა ხუთშაბათისთვის მოსკოვის დახმარებით შედგენილ შეთანხმებას ხელი მოაწეროს,” – ამის შესახებ Financial Times წერს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის სამხედრო მდივანმა დენიელ დრისკოლმა პარასკევს, გვიან ღამით, კიევში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ ელჩებსა და დასავლელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ ის „ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ახლა მშვიდობის დროა“ – თუმცა გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი მცირე მოქნილობას გამოიჩენს. „ჩვენ დეტალებზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – განაცხადა მან ევროპელი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, რომელიც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ჯული დევისის კიევის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ამასთან, ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრის ტონი „ამაზრზენად“ შეაფასა.
კიევში გამართული მოლაპარაკებების ამბებმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პარასკევს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ უკრაინას „უნდა მოეწონოს“ ვაშინგტონის შეთანხმება, იოჰანესბურგში G20-ის სამიტზე შეკრებილ ევროპელ ლიდერებს შორის დისკუსია წარმოშვა, თუ როგორ ჩაერიონ სიტუაციაში. „დროა, ტრამპის ახლო გარემოცვამ ყვირილი დაიწყოს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც დისკუსიის შესახებ იყო ინფორმირებული.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმის გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ გაიმართა. დამსწრე ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, საუბარი მალევე არაკონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდა. დევისმა სასახლეში შეკრებილ ჯგუფს განუცხადა, რომ „რამდენადაც შეგვიძლია უკრაინას ომის გაგრძელებაში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, არსებობს საზღვრები“, – თქვა ერთ-ერთმა დამსწრე ელჩმა. ელჩის თქმით, „არსებობს ძლიერი ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ძლიერი ინდუსტრიული ბაზა აქვს და დროის საკითხია, როდის მოუწევს უკრაინას შეთანხმების დადება“, – თქვა მან.
დამსწრეების თქმით, დრისკოლი შეხვედრაზე დაგვიანებით მივიდა, რომლის გამოსვლაც სავსე იყო გინებით. „ჩვენ ეს საქმე უნდა მოვაგვაროთ“, – თქვა მან. „აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უყვართ უკრაინა და მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ აშშ-ის სამხედროების გულწრფელი შეფასებით, უკრაინა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ახლა მშვიდობისთვის საუკეთესო დროა“, – დასძინა დრისკოლმა. მანვე დაამატა, რომ „უსაფრთხოების გარანტიები ამ შეთანხმების ნაწილია“ და ეს საკითხი ევროპელ და უკრაინელ ლიდერებთან უახლოეს დღეებში იქნება განხილული. შეხვედრაზე დამსწრე ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დევისმა და დრისკოლმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი ხუთშაბათს, ამერიკის მადლიერების დღის დღესასწაულამდე მოაწეროს. „მშვიდობისთვის ვიწრო ფანჯარა გვაქვს – პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობა ახლა სურს“, – თქვა დრისკოლმა, Financial Times-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად. „რაც უფრო მეტი მზარეულია სამზარეულოში, მით უფრო რთულია საქმის კეთება“.
როგორც სტატიაში წერია, პარასკევს, სატელევიზიო მიმართვაში ზელენსკიმ გააფრთხილა ერი, რომ რუსეთთან მკაცრი მშვიდობის პირობებში ქვეყანას, აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვასა და ღირსების დაკარგვას შორის არჩევანის გაკეთების რისკის წინაშე დგომა მოუწევს. უკრაინის ლიდერის ეს განცხადება 28-პუნქტიანი გეგმის წარდგენიდან ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რომელიც ევროპელი მოკავშირეების მიერ „კაპიტულაციად“ შეფასდა.
„ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს – ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი“, – თქვა ზელენსკიმ. ქვეყანა „ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტის“ წინაშე აღმოჩნდა. – ციტირებს გამოცემა.
პარასკევს, ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ზელენსკის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს „მოუწევს მოეწონოს“ აშშ-ის გეგმა. „გარკვეულ მომენტში, მას რაღაცის მიღება მოუწევს“. პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ზელენსკისთან თებერვალში თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირება, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა უკრაინის ლიდერი უმადურობაში დაადანაშაულა. „გახსოვთ, არც ისე დიდი ხნის წინ, ოვალურ კაბინეტში, ვუთხარი „თქვენ არ გაქვთ კარტები“, – თქვა ტრამპმა. „მეგონა, რომ მას ერთი ან ორი წლის წინ უნდა დაედო შეთანხმება“.
გამოცემის ცნობითვე, შეხვედრაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩებმა და ოფიციალურმა პირებმა აშშ-დან წამოსული შეტყობინებები „შოკისმომგვრელად“ შეაფასეს. ოთახში მყოფმა აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრა „პოზიტიური, პირდაპირი და პატივისცემით სავსე“ იყო. ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დამსწრე დიპლომატებს მიაჩნდათ, რომ აშშ ზელენსკის პოლიტიკურ სისუსტეს იყენებდა შიდა კორუფციული სკანდალის ფონზე, რათა უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების სწრაფად მიღწევა ეცადა.
შეხვედრაზე დამსწრე ზოგიერთმა ევროკავშირის ელჩმა აშშ-ის წინადადება რუსეთის „სტრატეგიულ გამარჯვებად“ მიიჩნია. შეხვედრის დასრულებისას, ევროკავშირის ელჩებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევის ნაცვლად, რუსეთზე მეტი ზეწოლა იყო საჭირო. ხოლო, ამერიკელებმა განაცხადეს, რომ შეთავაზებული გარიგება იყო საუკეთესო, რისი მიღებაც უკრაინას შეეძლო. „გამოდის, რომ საქმე კიდევ უფრო უარესადაა, ვიდრე გვეგონა“, – განაცხადა შეხვედრის შესახებ ინფორმირებულმა კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა ჩინოვნიკმა.
სტატიაში ნათქვამია, რომ შეხვედრებში მონაწილეობდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვნათ გზა, დაერწმუნებინათ დონალდ ტრამპი, რომ შეანელოს უკრაინაზე ზეწოლა და მისთვის წაყენებული წინადადების მიღების მოთხოვნა.