ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად – ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს
დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ვკითხულობთ.
ზაზა შათირიშვილის თქმით, ევროპის წინააღმდეგ პროცესი უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო, მაგრამ თვალში საცემი 2008 წლის შემდეგ გახდა.
“ეს პროცესი განსაკუთრებით თვალში საცემი 2008 წლის შემდეგ გახდა. ერთი მხრივ, თავსმოხვეულმა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აღზევებამ და მეორე მხრივ, უკონტროლო მიგრაციამ ახლო აღმოსავლეთიდან, ქვეყანათა აბსოლუტურ უმრავლესობას ეროვნულობა წაართვა და იდენტობა გაუქრო. ხელოვნური სტიგმების გამოყენებით, როგორიცაა ყალბი რელიგიური ტოლერანტობა, ასევე, სექტასთან გათანაბრებული ასობით ახალი რელიგიური მიმდინარეობის შემოგდებით, მინიმუმამდე დავიდა ქრისტიანული ღირებულებების პატივისცემა და შესაბამისად – მნიშვნელობა. რაც შეეხება ეკონომიკის ფაქტობრივად ჩამოშლას, სცენარი აქაც იდენტურია – გამოგონილი ნორმების ძალდატანებითი გათვალისწინებით, როგორიცაა მაგალითად, “მწვანე ენერგია” და სხვა მრავალი, ევროკავშირს უარი ათქმევინეს იაფ ენერგო რესურსებზე, ატომურ ენერგიაზე, ბოლოს კი ერთადერთი ხელმისაწვდომი რესურსი – რუსული ენერგომატარებლები, პროვოცირებული ომით ჩაუჭრეს და შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:
2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო, დღეს მხოლოდ 17% – ია. ამასთანავე – 2008 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონს შეადგენდა. 18 წლის შემდეგ – 2025 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ისევ 19 ტრილიონს შეადგენს”,- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, აღნიშნულ მდგომარეობამდე ევროპა სწორედ “ დიპ სტეიტმა” და ოლიგარქიულმა ოჯახებმა, არსებული აგენტურული მთავრობების ხელით მიიყვანეს.
“მსგავსი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ტრაგედია ევროპას მოუწყო “დიპ სტეიტმა”, კონკრეტულმა მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათი კონტროლის ქვეშ არსებული აგენტურული მთავრობების ხელით!
ოლიგარქების მოქმედების ხელწერას თუ გავითვალისწინებთ – ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის. წლების მანძილზე მწყობრად ანგრიეს ევროპა – ახლა კი თავადვე ატარებენ კვლევებს, წერენ შედეგებს და გვეუბნებიან, რომ თურმე, ევროკავშირი ღრმა კრიზისშია. ცხადია, თავიანთ გაფუჭებულს ისევ იმ ხალხს, იმ მარიონეტ ბიუროკრატებს დააბრალებენ, ვინც მათი დავალებით უთხრიდა ძირს კონტინენტის კეთილდღეობას.
როდესაც “დიპ სტეიტის” მოქმედების ამ მეთოდზე ვსაუბრობ – მუდამ მახსენდება ჯეი დი ვენსის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად ცინიკური გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მან ევროკავშირის მანკიერებები საჯაროდ ამხილა, უთხრა, რომ მიგრანტების კრიზისმა, ქრისტიანობის დაკნინებამ და სიტყვისა და გამოხატვის უპატივცემულობამ კავშირი დემოკრატიის კრიზისამდე მიიყვანა – თუმცა, ვენსს რატომღაც არ დაუწყია ამ პრობლების შემოქმედის ძიება, რადგან კარგად ვიცით, რომ “დიპ სტეიტია” სათავე ამ უბედურების. ის “დიპ სტეიტი”, რომელსაც თავად ჯეი დი ვენსი წარმოადგენს!”- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.