ბიძინა გიორგობიანი: Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია – მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში, მაგრამ როდესაც აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა
“საქართველოში ყოველი მეგაპროექტის პერსპექტივა უმალ მოწინააღმდეგეების გააქტიურებას იწვევს. ასეთი იყო ჯერ კიდევ სსრკ დროს ტრანსკავკასიური მაგისტრალი, შემდეგ ხუდონჰესი (ამ ორივე პროექტის გაჩერებაზე მეც გამარჯვებული მეგონა თავი და აქედან ვხედავ, როგორ გამოგვიყენეს პროექტების შესაჩერებლად მათ, ვინც დღეს ელ.ენერგიას ყიდის ჩვენზე), უახლეს წარსულში ძალიან საეჭვო “რიონის მცველები”, რამაც საქართველოს დიდი ფინანსური ჯარიმა მოუტანა. ახლა Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში და სიფრთხილე, რაც გასაგები მოვლენაა, მაგრამ მოწინააღმდეგეთა მხრიდან, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს”.
გიორგობიანი აღნიშნავს, რომ არც საბჭოთა კავშირის დროს, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობისას აპირებდა მთელი რუსეთი ხევსურეთში გადმოსახლებას და არც Eagle Hills-ის შემდეგ გადმოსახლდება არაბეთის ნახევარკუნძული ორთაჭალაში.
“საქართველოში ყოველი მეგა პროექტის პერსპექტივა უმალ მოწინააღმდეგეების გააქტიურებას იწვევს. ასეთი იყო ჯერ კიდევ სსრკ დროს ტრანსკავკასიური მაგისტრალი, შემდეგ ხუდონჰესი (ამ ორივე პროექტის გაჩერებაზე მეც გამარჯვებული მეგონა თავი და აქედან ვხედავ როგორ გამოგვიყენეს პროექტების შესაჩერებლად მათ ვინც დღეს ელ.ენერგიას ყიდის ჩვენზე), უახლეს წარსულში ძალიან საეჭვო “რიონის მცველები”, რამაც საქართველოს დიდი ფინანსური ჯარიმა მოუტანა. ახლა Eagle Hills-ის დიდი ეკონომიკური პოტენციალის პროექტს მიესია ცრუ ექსპერტთა არმია. დიდი პროექტების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, პროექტის ფარგლებში, დემოგრაფიული ექსპანსია. ტრანსკავკასიური მაგისტრალის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა რუსიფიკაციის შიში, ახლა Eagle Hills -ზე არაბების მასიური ჩამოსახლების საფრთხეს ხატავენ. მცირე ერებისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული შიში და სიფრთხილე, ეს აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგეთა მხრიდან, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, აშკარად შეკვეთილი პროტესტი ჩანს, საქმე სხვაგვარადაა. ცხადია არც ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობისას აპირებდა მთელი რუსეთი გადმოსახლებას ხევსურეთში და არც Eagle Hills-ის შემდეგ გადმოსახლდება არაბეთის ნახევარკუნძული ორთაჭალაში.
ეკონომიკური განვითარების და წინსვლის გარეშე ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღება გამორიცხულია, განვითარება თავის მხრივ საჭიროებს ასეთ პროექტებს. საქართველოში ყოველ ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენი მეზობლები და არა მარტო ჩვენთან. ალბათ გახსოვთ ცოტა ხნის წინ რამდენი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ე.წ. “ზანგეზურის დერეფანს” როგორც ირანის, ასევე რუსეთის მხრიდან (აქაც ინერვიულა ზოგიერთმა, ფუნქციას ვკარგავთო). მაშინვე გაჩნდა სომხეთშიც ასეთი კარგი შესაძლებლობების მოწინააღმდეგე “გულანთებული”ჯგუფები. შედეგად პროექტი გაჩერდა. ჩვენს შემთხვევაშიც ბევრჯერ გვაქვს ანალოგიური, აშკარად გარედან მართული სცენარი ნანახი. იმედია ამჯერად ვეღარ შეძლებენ ამ გზით მიზნის მიღწევას და საქართველოში დაირღვევა ეს “ტრადიცია”, – წერს ბიძინა გიორგობიანი.