ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში გერმანელი ინფლუესერების ტური გაიმართა
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოში გერმანელი ინფლუესერების ტური გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები, რომელთა შორის იყვნენ სომელიეები, ბლოგერები, ვიდეო-ფოტოგრაფები, ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ. მეღვინეობებში სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. ინფლუესერების მიერ საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ მომზადებული რეპორტაჟები ხელს შეუწყობს გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას.
გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
მიმდინარე წელს, გერმანელი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე სამი ღვინის ტური გაიმართა.