მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბარგში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება (67 გრამი მარიხუანა, ასევე 21 ცალი კანაფის თესლი და ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 53 რეზერვუარი) აღმოაჩინეს.

საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,ნერო“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი” უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დათვალიერების შედეგად, 4 ცალ ხსნადი ყავის ქილაში განთავსებული მარიხუანას შემცველი ჰერმეტული შეფუთვები აღმოაჩინა. ამასთან, უფლებამოსილი პირის მიერ, ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ასევე გამოვლენილი იქნა ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 53 რეზერვუარი და პლასტმასის მცირე ზომის სათავსოებში მალულად განთავსებული კანაფის თესლები.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 40 ძაღლი ახორციელებს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები