კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ამავე კომპანიის დირექტორს, ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს – იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ბიჭიკო პაიკიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს – გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.