საპატრულო პოლიციამ აჭარაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. და 1984 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.