თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სუს-ს ეძლევა შესაძლებლობა, არა მხოლოდ არსებული სტაბილურობა შეინარჩუნოს, არამედ უსაფრთხოების ახალი, უფრო მაღალი სტანდარტებიც დაამკვიდროს

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის ფაქტს.

 

მეგრელიშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძის მთავარი ძალა მის სიღრმისეულ ხედვასა და კრიზისული სიტუაციების ოპერატიული რეაგირების უნარში მდგომარეობს, “შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურს ეძლევა შესაძლებლობა, უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრების”.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სამსახური.

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ ეს სამსახური ყველა საჭირო ზომას იღებს იმისათვის რათა თანაბრად იყოს დაცული როგორც ქვეყნის უსაფრთხოება, ისე ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

ამ სამსახურის მნიშვნელობიდან გამომდინარე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძის წარდგენა ვფიქრობ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მამუკა მდინარაძეს მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მას არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა უკავშირდება,

ხოლო სამართალდამცავ უწყებებში მუშაობამ მის პროფესიულ ბიოგრაფიას კიდევ უფრო დიდი სიმყარე შესძინა.

სწორედ ეს გამოცდილება ქმნის გარანტიას, რომ ის შეძლებს სტრუქტურის ეფექტიანად მართვას, მისი ხელმძღვანელობით მოსალოდნელია თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, ინოვაციური მიდგომების განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული გამოწვევების ფონზე.

მდინარაძის მთავარი ძალა მდგომარეობს მის სიღრმისეულ პოლიტიკურ ხედვასა და კრიზისულ სიტუაციებში ოპერატიულ რეაგირების უნარში. სწორედ ამიტომ, მისი ხელმძღვანელობით სუს-ს ეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ არსებული სტაბილურობა შეინარჩუნოს, არამედ უსაფრთხოების ახალი, უფრო მაღალი სტანდარტებიც დაამკვიდროს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება საზოგადოებაში აღიქმება როგორც მკაფიო გზავნილი, რომ ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტულ ამოცანად რჩება და ამის უზრუნველყოფა ყველაზე გამოცდილი კადრების ხელშია.

მოსალოდნელია, რომ მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, გააძლიერებს მის ინსტიტუციურ ძალას და კიდევ უფრო მტკიცედ უზრუნველყოფს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები