გიორგი ვოლსკი: არანაირი ხელშეშლა, ევროპული სტანდარტებისგან გადახვევა არ არის იმაში, რომ გარკვეული მიმართულებით პროპაგანდა აკრძალო ან შეამცირო – ეს არის გეგმაზომიერი, მიზანმიმართული შეტევა საქართველოზე
ეს არის გეგმაზომიერი, მიზანმიმართული შეტევა საქართველოზე, რათა იგი დაჰყვეს ზეწოლას, შანტაჟს და როგორმე, იქნებ არჩევნებით თუ არა, ფიზიკური დაპირისპირების გზით, ხელოვნურად შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი საზოგადოება, ვინც მარიონეტულად შეასრულებს ყველანაირ დავალებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.
„არანაირი ხელშეშლა, ევროპული სტანდარტებისგან გადახვევა არ არის იმაში, რომ გარკვეული მიმართულებით პროპაგანდა აკრძალო ან შეამცირო, მით უმეტეს, თუ ეს უპირისპირდება შენს არა მხოლოდ თვითმყოფადობას, არამედ შენს უსაფრთხოების ინტერესებს. ეს არის გეგმაზომიერი, მიზანმიმართული შეტევა საქართველოზე, რათა იგი დაჰყვეს ზეწოლას, შანტაჟს და როგორმე, იქნებ არჩევნებით თუ არა, ფიზიკური დაპირისპირების გზით, ხელოვნურად შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ისეთი საზოგადოება, ვინც მარიონეტულად შეასრულებს ყველანაირ დავალებას. მათ შორის, საქართველოს იმ უბედურებაში გახვევას, რასაც ჰქვია აი, ის ცეცხლი, რომელიც ჩვენს რეგიონსა და ევროპაშია დანთებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონები ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში არ მოდის და ხელისუფლებისგან აღნიშნული კანონების გაუქმებას ითხოვენ.