გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება ვინმე, ეს ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება თუ სხვა, მხარს უჭერდეს იმას, რაც ქუჩებში ხდებოდა, დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც ვიხილეთ, ნებისმიერ დემოკრატიაში არის სასტიკად დასჯადი
არ შეიძლება ვინმე, ეს ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება თუ სხვა, მხარს უჭერდეს იმას, რაც ქუჩებში ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აქციაზე დაკავებულ დავით ხომერიკთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქების მომზადების ბრალდებით არის დაკავებული და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მისი თქმით, დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც ვიხილეთ, ნებისმიერ დემოკრატიაში არათუ მიუღებელი, არამედ სასტიკად დასჯადია.
„პოლიტიკას საერთოდ რომ დავანებოთ თავი, არ შეიძლება ვინმე, ეს ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, მხარს უჭერდეს იმას, რაც ქუჩებში ხდებოდა. ყველამ კარგად იცის, რომ დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც ვიხილეთ, ნებისმიერ დემოკრატიაში არის არათუ მიუღებელი, არამედ სასტიკად დასჯადი. აქედან გამომდინარე, როდესაც ხედავ, რომ მოლოტოვის კოქტეილი შევიდა საქმეში იმ ადამიანების მხრიდან, რომლის მობილიზებასაც ახდენენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც შენ აფინანსებ, რასაკვირველია, გმართებს ხმის ამოღება, რომ დაიცვა ევროპის ინტერესი, აქ მხოლოდ საქართველოს ინტერესზე არ არის საუბარი და დადგე იმ პოზიციაზე, რასაც სამართლიანობა ჰქვია. საქართველო სხვა დანიშნულებით სჭირდებათ, უხეშად რომ ვთქვათ, საზარბაზნე ხორცად იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს სამწუხაროდ ევროპასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.