ირაკლი კობახიძე – გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით
ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრმა გახარიას და „ლელოს“ პარტიის ლიდერების ბერლინში შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ცოტა სასაცილო მდგომარეობაში არის ოპოზიცია.
„კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები. სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები. საბოლოოდ, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.