ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის და გავამყაროთ ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო გეოპოლიტიკაში, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას
ჩვენ გვაქვს გამორჩეული, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო საგადასახადო რეჟიმი – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ანგარიშში საბაზრო ეკონომიკის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის იდეალური საინვესტიციო გარემო და ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ამ მიღწევების შენარჩუნებაა, მოსახლეობის კეთილდღეობისა და საგარეო გეოპოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის.
„საინვესტიციო გარემო არის იდეალური ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ამ მიღწევების შენარჩუნება. ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისათვის, რომ საგარეო გეოპოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ, ზოგადად, ქვეყნის პოზიციები გავამყაროთ საერთაშორისო გეოპოლიტიკაში. მომავალშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.