თამარ ჩიბურდანიძე: ლავროვმა მაისურზე CCCR-ს წარწერით, უკვე გვამცნო რუსეთის მიზნები, დღეს მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკის კონტურები იხაზება, რომელსაც ალბათ დამფრთხალი უყურებს ევროპა და ჩვეული სიდინჯით თვალს ადევნებს ჩინეთი
„შესაძლოა უკრაინის ომის თემა სულაც ორი ლიდერის შეხვედრის მიზეზია, რათა საბოლოოდ გაავლონ საზღვარი საკუთარ გავლენებს შორის მსოფლიო რუკაზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ტრამპი-პუტინის შეხვედრას ეხმიანება.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ალასკაზე გასამართ შეხვედრას მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და იმედოვნებს, რომ რუსეთ-ამერიკის ლიდერების შეხვედრა მხოლოდ პიარ-აქციად არ დარჩება. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ შეხვედრით მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკის კონტურები იხაზება, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.
„ლავროვის ჩასვლა ალასკაზე, მაისურზე CCCR -ს წარწერით, არის ამერიკა-რუსეთის ომის შედეგი უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ომით დასავლეთმა გააძლიერა რუსეთში „იმპერიის” აღდგენის სურვილი, რაზედაც მივუთითებდით კიდეც. იარაღის ენა რუსეთის ძლიერი მხარეა. აღარ ვსაუბრობთ უკრაინის ომის ფონზე, ევროპიდან და ამერიკიდან ღია თუ ფარულ ვაჭრობებზე რუსეთთან. ბევრი რამ გაცხადდა, კიდევ უფრო ბევრი ფაქტი ჯერჯერობით დაფარულია, თუმცა, „არა არს დაფარული, რაც არა გაცხადდეს”.
დღეს მსოფლიო ალასკაზე გასამართი შეხვედრის მოლოდინშია. ისმის ბევრი კითხვა: დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი და როგორ დასრულდება? რას დაიტოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიებისგან? იქნება თუ არა ამაზე ევროპა თანახმა და ა.შ. თუმცა, ექსპერტები სვამენ კიდევ უფრო სიღრმისეულ კითხვებს: რა შეთანხმებას მიაღწევენ დღეს ტრამპი და პუტინი, როგორ გადანაწილდება ახალი მსოფლიო და როგორი იქნება ახალი ლიდერი სახელმწიფოების შეხედულებები ამაზე?
ყველასათვის ცხადია, რომ უკრაინის ომი ვიზუალურად ძირითადი თემა იქნება დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა, ამის მიღმა სულ სხვა რამ ლაგდება. შესაძლოა უკრაინის ომის თემა სულაც ორი ლიდერის შეხვედრის მიზეზია, რათა საბოლოოდ გაავლონ საზღვარი საკუთარ გავლენებს შორის მსოფლიო რუკაზე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთ-ამერიკის შეხვედრა მხოლოდ ჩვეულ პიარ-აქციად არ დარჩა.
დღევანდელ დღეს ალბათ დამფრთხალი უყურებს ამერიკისგან განზე გაწეული ევროპა და ჩვეული სიდინჯით ადევნებს თვალს ჩინეთი. დღეს, მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკის კონტურები იხაზება, რომელიც შესათანხმებელი იქნება ახალ ლიდერ სახელმწიფოებთან.
საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის ასპექტები, როგორც ორივე მხარის ინტერესის ქვეშ მყოფი ქვეყნის და როგორც სუვერენული სახელმწიფოსი, რომელსაც ახალ გლობალურ რეალობაში საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება სურს,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.