დავით ქართველიშვილი: უკრაინის ომის გარეშე გერმანია დღეს გაცილებით უფრო მდიდარი, მშვიდი და პროგნოზირებადი იქნებოდა

„დღეს გერმანელებს, მის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და სახელისუფლებო კოალიციაში შემავალ ძალებსაც ერთდროულად, ძალიან აღიზიანებს ქვეყანაში მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული მილიონ 200 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, საიდანაც დაახლოებით 350 ათასია დასაქმებული, ხოლო დანარჩენი საბიუჯეტო სუბსიდირებით ირჩენს თავს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და აანალიზებს იმ ვითარებას, რაც გერმანიაში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ არა გერმანიის აქტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი, ქვეყანა ნაკლებს დახარჯავდა ფასების დასტაბილურებასა და სამხედრო დახმარებაზე და მეტად განავითარებდა საკუთარ ეკონომიკას.

„წარმოიდგინეთ გერმანია უკრაინაში ომის გარეშე: არც არსენალებში ტანკების სასწრაფო ძიება, არც კატარში გაზის პანიკური შესყიდვები, არც დისკუსიები იმაზე, ვინ და რამდენი უნდა გადაიხადოს ზამთარში სკოლების გასათბობად. ქარხნები სრული დატვირთვით იმუშავებდნენ, ფინანსთა მინისტრები ბიუჯეტის პროფიციტებზე ისაუბრებდნენ და არა იმ „ხვრელებზე”, რომლებიც სასწრაფოდ უნდა შეივსოს და ა.შ.

2021 წელს, ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა — სტაბილური ზრდა, ზომიერი ინფლაცია, უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე. გერმანიას ჰქონდა იმის ფუფუნება ემსჯელა კლიმატის ცვლილებების თემაზე გამოყოფილ კვოტებზე, იმაზე ფიქრის გარეშე, რომ ხვალ ქიმიური გიგანტის დახურვა მოუწევდა გაზის ფასის გამო. მაგრამ 2022 წლის თებერვალმა შეჩვეული ეკონომიკური „ლანდშაფტი” ნელი მოქმედების ენერგეტიკული ნაღმებით მიმოფანტულ ველად აქცია.

2024 წლისთვის მშპ აღმოჩნდა იმაზე დაბალი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო (რამდენიმე პროცენტული პუნქტით). მრეწველობაში შეიმჩნევა შეკვეთების შემცირება, ენერგეტიკაში — გაძვირებული გადასახადები, სახელმწიფოსთვის კი ახალი პრიორიტეტი: უსაფრთხოება კრემლის მილიტარისტული ფობიების წინაშე და არა მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა.

თუ ომს ამ განტოლებიდან ამოვიღებთ, ციფრები სხვაგვარად დალაგდებოდა: ეკონომიკა სწრაფად გაიზრდებოდა, ინფლაცია შემცირდებოდა, უმუშევრობა კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდებოდა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი გაცილებით უფრო მცირე მაჩვენებელზე დავიდოდა. ანუ, ქვეყანა ნაკლებს დახარჯავდა ფასების დასტაბილურებასა და სამხედრო დახმარებაზე, და მეტს მოდერნიზაციაზე, განათლებასა და ტექნოლოგიურ პროექტებზე. უკრაინის ომის გარეშე გერმანია დღეს გაცილებით უფრო მდიდარი, მშვიდი და პროგნოზირებადი იქნებოდა. მაგრამ ისტორიას არ უყვარს „პირობითი კილო”.

ამიტომ, 2024 წელს ბერლინი ცხოვრების იმ რეალობას შეეგუა, რომელიც სამი წლის წინ დაუჯერებლად ეჩვენებოდათ. დღეს გერმანელებს, მის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და სახელისუფლებო კოალიციაში შემავალ ძალებსაც ერთდროულად, ძალიან აღიზიანებს ქვეყანაში მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული მილიონ 200 ათასი უკრაინელი ლტოლვილი, საიდანაც დაახლოებით 350 ათასია დასაქმებული, ხოლო დანარჩენი საბიუჯეტო სუბსიდირებით ირჩენს თავს. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის გერმანელი აბორიგენების ხმა: შეწყდეს ეს სოციალური დახმარებაც და დაიწყოს სადეპორტაციო პროცესები. მანამდე კი ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს იმაზე ხშირად ეხუტება და ეამბორება, ვიდრე საკუთარ მეუღლეებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველ ჯერზე ისინი ემშვიდობებიან ერთმანეთს…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები