გია ვოლსკი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას ობიექტურს ვერ დავარქმევდი
„ამ მოხსენებას მე ვერ დავარქმევდი ობიექტურს. ის სტანდარტები, რომელიც ბოლო დროს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ არის გაცხადებული, არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ ანგარიშშია აღწერილი,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყველა რეიტინგით, მათ შორის დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მართვის პრინციპებით, მართლმსაჯულების პრინციპებით წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას.
„პოლიციელი თავს იცავს, სახელმწიფოს იცავს. ვინც ვერ დაინახა, რომ რეალურად მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ პოლიციელებს, მომაკვდინებელი საშუალებები იყო გამოყენებული დამიზნებით სროლის დროს, ის ცდება საქართველოში ვითარებას. ასე რომ, ეს მოხსენება ჩვენთვის ვერ იქნება იმ სტანდარტის შესაბამისი, რომელიც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დამკვიდრებული ბოლო პერიოდში. სანდრო არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გახდებიან მომავალში ავტორები ასეთი არაობიექტური და ხისტი მოხსენებებისა საქართველოს მიმართ. ყველა საკითხი, რომელიც აღწერილია 2024 წლის ანგარიშში, როდესაც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები არ იყო ჩატარებული, არის აბსოლუტურად განულებული. არ შეიძლება, პოლიციელს უტევდე და ის პასუხს არ გაძლევდეს. არ შეიძლება, პოლიციელს ცოცხლად წვავდე და ის პასუხს არ გაძლევდეს.
ცალკეული გადახრები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ სწორედ ამიტომ ქმნიდნენ ამ ვითარებას არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომ უკეთებდნენ ორგანიზებას ამ შეჯახებებს, რომ გარდაუვალი დაზიანება, გადაცდომები ყოფილიყო. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დემოკრატია, სადაც ასეთი ჯახის დროს არ ხდება გადახრები. საქართველოში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. საქართველო ყველა რეიტინგით, მათ შორის დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მართვის პრინციპებით, მართლმსაჯულების პრინციპებით წინ უსწრებს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა კრიტერიუმები, ობიექტური შეფასებები აქვს და ვფიქრობ, მომავალშიც ამ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერასდროს დაჩაგრონ, ვერ გააყალბონ ვითარება, რომელიც ეხება სახელმწიფოს საქმიანობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.