შალვა პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა
,,რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანეს მომენტია, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა შეთანხმებით, რაც წაადგება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
„ეს იყო დიდი ტვირთი რომელიც ჩვენს რეგიონს აწვა და გავლენას ახდენდა ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზე და ა.შ. ამიტომ საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა.
მე პირადად მივულოცე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს ამ შეთანხმების მიღწევა და მათ იციან, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეთავაზება, რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, უკვე გზა იხსნება პოლიტიკური ფორმატებისთვის, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის, იმისთვის, რომ ნდობა ქვეყნებს, პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს შორის ჩამოყალიბდეს, გაღრმავდეს და ამ მხრივ საქართველოც თავის წვლილს შეიტანს.
ხაზგასასმელია, რომ ათწლეულების განმავლობაში ამ კონფლიქტის მოგვარებას ასე ვთქვათ კურირებდა ეუთოს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ უმრავლესობით წარმოდგენილი და ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო საკუთარი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური წონის გამოყენებით ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში. ყველა ნაბიჯი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და რომელიც აჩერებს ომს, არის რა თქმა, უნდა “დიფ სთეითის” შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც რომ “დიფ სთეითია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.