,,შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ბიჭების გმირობა ყველას ყოველთვის უნდა ახსოვდეს.
„ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აუცილებელი. იმ, სამწუხაროდ დამარცხებულ პროცესში, მათ უკვდავების მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო უკვდავია და ეს გმირობა ამას ნიშნავდა.
რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს. მინდა გამიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური. „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, დანაშაული რომ ჩაიდინა და საქართველოს რომ გენოციდი მოუწყო, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა.