არჩილ გორდულაძე ტრამპის ბრძანებაზე, რომ ბანკებს ეკრძალებათ კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე, გამოთქვამს მოლოდინს, რომ თანაბარი მიდგომა იქნება საქართველოს მოქალაქეების მიმართაც და აღარ იქნება გამოყენებული ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც გამორჩეულები იყვნენ დასავლური ბანკები 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ აღმასრულებელ ბრძანებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელმაც ბანკებთან და მათ მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებით მოაწერა ხელი.

ბრძანების თანახმად, ბანკებს ეკრძალებათ კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა მათი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულების საფუძველზე, რაზეც გორდულაძე აცხადებს, რომ „ძალიან კარგია, როდესაც ადამიანის უფლებების პატივისცემა ხდება და ის სანქციები და პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილებების მიღება, რომლის მიხედვითაც საბანკო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდათ შეზღუდული გარკვეულ ადამიანებს, ეს უნდა დამთავრდეს“.

გორდულაძე საქართველოს მაგალითზეც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ თანაბარი მიდგომა იქნება საქართველოს მოქალაქეების მიმართაც.

„მათ შორის, საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ და ახლაც არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ საბანკო მომსახურებებით და ეს არის მიღებული გადაწყვეტილება მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პატრონების, ე.წ. „დიფ სტეიტის“ მიერ. „დიფ სტეიტის“ წარმომადგენლებს, რომლებსაც არ აწყობთ ეროვნული ხელისუფლება განსაკუთრებით, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ აქვთ მათ გაშმაგებული შეტევა, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თუ ეს ყველაფერი შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და უსამართლობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილებით ეს უსამართლობა აღმოიფხვრება, რა თქმა უნდა, ეს უსამართლობა ჩვენს ქვეყანაშიც იგივეა და ჩვენც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ თანაბარი მიდგომა იქნება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების მიმართაც და აღარ იქნება გამოყენებული ის ორმაგი სტანდარტები და მიდგომები, რომლითაც სამწუხაროდ, გამორჩეულები იყვნენ დასავლური ბანკები და ზოგადად დასავლური სისტემა“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები