სტუდენტებმა ევროპის 13 ქვეყნიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის სასწავლო ცენტრში გაიარეს

სტუდენტებმა გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ასევე, თურქეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და შვეიცარიიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრში წარმატებით გაიარეს.

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2016 წლიდან ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასა (ELSA) და საქპატენტის თანამშრომლობით ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა სტუდენტმა ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ევროპის ქვეყნების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს საქართველოს მაგალითზე. სწავლების მიზანია მომავალ იურისტებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროსადმი ინტერესის გაზრდა და მათთვის საქართველოს ინტელექტუალური საკურების დაცვის სისტემის გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ 5-დღიანი აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობასა და არსებული მექანიზმების მიმოხილვას. საავტორო და მომიჯნავე უფლებების ფარგლებში, განიხილეს ციფრულ სივრცეში უფლებების დაცვის სპეციფიკა და, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნაწარმოებების სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები. სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და გეოგრაფიული აღნიშვნები გაანალიზდა ბრენდისა და პროდუქტის იდენტობის დაცვის ჭრილში, როგორც კონკურენტუნარიანობისა და წარმატებული ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ელემენტები.

გამოგონებებსა და საპატენტო სამართალზე სესია კონცენტრირებული იყო ინოვაციებთან მათი მჭიდრო კავშირის შეფასებაზე და იმ როლზე, რომელსაც საპატენტო სისტემა ასრულებს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მოწვეულმა მომხსენებელმა – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების სამმართველოს (TDC) პროგრამის უფროსმა ოფიცერმა ემილ ჰასანოვმა მონაწილეებს გააცნო ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ასპექტები და ორგანიზაციის მანდატი გლობალური პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

გარდა ამისა, სტუდენტები ეწვივნენ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სადაც მათ ვრცლად გააცნეს სააგენტოს საქმიანობა და მიზნები. ასევე, მათ მოინახულეს სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“, სადაც დეტალურად გაეცნენ საბაჟო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, საბაჟო პროცედურებს, კონტრაფაქციასთან ბრძოლის მეთოდებსა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებს.

სწავლება მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში პრაქტიკული სავარჯიშოებისა და როლური თამაშების გამოყენებით. სწავლებას უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ტრენერები.

საზაფხულო სკოლის დახურვის ღონისძიება 25 ივლისს საქპატენტის მცხეთის ოფისში გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს მიულოცა სწავლის წარმატებით დასრულება და აღნიშნა, რომ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ინტელექტუალური საკუთრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. როგორც მიმართვისას თავმჯდომარემ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საერთაშორისო ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მომავალ იურისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემას და დაამყარონ პროფესიული კავშირები. სოსო გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ მონაწილეებს შორის იქნებიან ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ – მომავალი სტუდენტები. როგორც ცნობილია, აღნიშნული პროგრამა საქპატენტის ინიციატივით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიების დასასრულს სოსო გიორგაძემ მონაწილეებს სწავლის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები